„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“, „გახარია - საქართველოსთვის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ სირიის დროებით პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარას მიმართავენ, გააუქმოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 კობახიძე მაღაროელების პროტესტზე: რთულია კერძო ბიზნესს ხელფასების გადახდა მოსთხოვო
- 3 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 4 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 5 საიამ არჩევნებზე ფარულობის მასობრივ დარღვევაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
- 6 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ ლიდერი აჰმედ ალ-შარა „გარდამავალი მთავრობის პერიოდში“ სირიის პრეზიდენტად 29 იანვარს გამოცხადდა.
„ქართველი ხალხი მშვიდობიანად იბრძვის კრემლის მიერ მხარდაჭერილი არალეგიტიმური, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ, ოთხი ძირითადი დემოკრატიული ძალა საქართველოში, რომლებიც წარმოვადგენთ საქართველოს მოქალაქეების ნებასა და მათ მისწრაფებებს თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობისკენ, მოგმართავთ თხოვნით, თქვენი ძალისხმევით გაუქმდეს სირიის მხრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებულია მხოლოდ რუსეთის მოკავშირე დიქტატურული რეჟიმების მიერ, როგორებიცაა ვენესუელა და ნიკარაგუა. 2018 წელს დიქტატორმა ბაშარ ალ-ასადმაც, რუსეთის მიერ მისი სასტიკი რეჟიმის მხარდაჭერის საპასუხოდ, აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს აღნიშნული რეგიონები“, - ნათქვამია ოთხი ქართული ოპოზიციური გაერთიანების მიმართვაში.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სირიელ და ქართველ ხალხს აქვთ ყველა საშუალება, განავითარონ ნაყოფიერი ურთიერთობები ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ და „ამ კონტექსტში, სირიის მიერ საქართველოს რეგიონების აღიარების გაუქმება გადამწყვეტ როლს ითამაშებდა“.
ალ-შარას მეთაურობით, დაჯგუფება „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“ ხელმძღვანელობდა ამბოხებულთა შეტევას, რომელმაც დეკემბერის დასაწყისში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხო. ასადი ოჯახთან ერთად რუსეთში გაიქცა.
როგორც ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, სირიის ახალ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია „ევროპელი მეგობრების“ მეშვეობით დაამყარეს.
„ჩვენ ასევე გვაქვს მუდმივი კონტაქტი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, იქნება ეს აშშ, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, თუ სხვა სახელმწიფოები, რომლებიც ახლა ამყარებენ დიპლომატიურ კავშირებს სირიის ახალ ხელისუფლებასთან, იმისთვის, რომ განვამტკიცოთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა“, - განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინათინ ბოკუჩავამ.
ევროკავშირი სირიისთვის 2012 წლიდან ეტაპობრივად დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხს, მათ შორის, ნავთობის ექსპორტის აკრძალვის გადახედვას განიხილავს. შეერთებულმა შტატებმა უკვე შეარბილა სანქციების რეჟიმი და ექვსი თვის განმავლობაში სირიის ხელისუფლებასთან ტრანზაქციების განხორციელების ნებართვა გასცა. ალ-შარამ იმედი გამოთქვა, რომ ახალი ადმინისტრაცია, დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, სანქციებს გააუქმებს.
