საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩად წარდგენილმა რობინ დანიგენმა სენატში მოსმენის დროს განაცხადა, რომ თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში, ფოკუსირებული იქნება ოთხ პრიორიტეტზე, მათ შორის, საქართველოს ევროინტეგრაციასა და საქართველო-ამერიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„პირველი - ჩემი უპირველესი მოვალეობა იქნება აშშ-ის საელჩოში მომუშავე გუნდისა და საქართველოში მყოფი ყველა ამერიკელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ბოლო 18 თვის განმავლობაში ვმუშაობდი რა კიევში, ძალიან რთულ გარემოში ჩვენი საელჩოს გუნდის უსაფრთხოდ ყოფნისთვის, ვიცი, რომ ეს პასუხისმგებლობა წმინდაა.
მეორე - ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან, რათა დავეხმარო ევროკავშირში, NATO-სა და დასავლეთში ინტეგრაციის სურვილის განხორციელებაში, წვლილი შევიტანო მათ დემოკრატიულ მომავალში.
ევროატლანტიკური ინტეგრაცია სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, ღრმად მჯერა, რომ ეს შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებშია. ჩვენ გვინდა დასავლეთთან მტკიცედ ინტეგრირებული დემოკრატიული საქართველო, რომელსაც შეუძლია დაიცვას თავისი საზღვრები და გაუძლოს რუსეთის მავნე ქმედებების, მათ შორის, რუსული დეზინფორმაციის ზეწოლას“, - განაცხადა დანიგენმა.
მისივე თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ზოგიერთი შემაშფოთებელი მოვლენა ცხადყოფს, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.
„ევროკავშირმა საქართველოს მისცა რეფორმების საგზაო რუკა, რომელიც უნდა შეასრულოს, რათა მიაღწიოს თავის მიზანს - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს წელს. ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, მხარი დავუჭირო საქართველოს ამ რეფორმების გატარებაში.
მესამე - გავაძლიერებ ორმხრივ ვაჭრობას და ინვესტიციებს, მათ შორის, საქართველოში ამერიკული კომპანიების და აშშ-ში ქართული ინვესტიციების შესაძლებლობების გაზრდით. ენერგიულად შევუწყობ ხელს აშშ-ის ექსპორტს და წავახალისებ რეფორმებს სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს შესაქმნელად. მე ასევე ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან, რათა დავიცვა პოტენციური იძულებითი ეკონომიკური პრაქტიკებისგან, მათ შორის რუსეთისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი ომი არღვევს გაეროს ქარტიის ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპებს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ქართველებმა ძალიან კარგად იციან ეს რუსული სახელმძღვანელო, რადგან 2008 წელს საკუთარ ქვეყანაში ნახეს და ყოველდღე განიცდიან, რადგან რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% ოკუპირებული.
ჩემი ბოლო პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. ავიღებ ვალდებულებას, რომ ვიმუშაო საქართველოსთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რომლებიც ნაკისრი აქვს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და გაეროს წესდებით.
ჩვენმა 30-წლიანმა პარტნიორობამ სარგებელი მოუტანა როგორც საქართველოს, ისე შეერთებული შტატების მოსახლეობას. საქართველო 1994 წლიდან იყო NATO-ს მტკიცე პარტნიორი მშვიდობის დაცვაში და ავღანეთში NATO-ს არაწევრი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, იდგა ამერიკელი ჯარისკაცების გვერდით.
ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ხალხთაშორისი კავშირები, ათასობით გაცვლა ათწლეულების განმავლობაში. ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, ვიმედოვნებ, რომ განვავითარებ პარტნიორობისა და თანამშრომლობის ამ ძლიერ მემკვიდრეობას“, - თქვა რობინ დანიგენმა.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რობინ დანიგენი საქართველოში ელჩობის კანდიდატად 13 თებერვალს წარადგინა. ამჟამად ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს. უფრო ადრე, დანიგენი ავსტრიაში აშშ-ის საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის უფროსის მოადგილე იყო. სხვადასხვა დროს იკავებდა ენერგორესურსების ბიუროს მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას და მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ-სალვადორში.
სენატის თანხმობის შემთხვევაში, რობინ დანიგენი კელი დეგნანს შეცვლის, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას 2020 წლის 29 იანვრიდან იკავებს.