49 ოპოზიციონერს დეპუტატის მანდატი შეუწყდა, 2 პარტია ბიუჯეტიდან დაფინანსებას ვეღარ მიიღებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა სამი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების წევრ 49 დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. მანდატების გაუქმების შესახებ განცხადებებები „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ და „ძლიერმა საქართველომ“ დაწერეს. ისინი პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დღეიდან „პარლამენტის წევრის“ უფლებამოსილება შეუწყდათ:

  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრებს - ნანა მალაშხიას, ნიკა მელიას, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეს, გიორგი ლემონჯავას, თენგიზ თევზაძეს, ცოტნე კობერიძეს, გიორგი კირთაძეს, ივანე ჭყონიას, ხათუნა სამნიძეს, ოქტაი ქაზუმოვს, მაია კოპალეიშვილს, ბორისი ყურუას, ანა გოგოლაძეს, გიორგი ბუტიკაშვილს, გიორგი იმედაშვილს, ელენე ხოშტარიას, სოფია გოლეთიანს, მარიკა არევაძეს, ანი ქავთარაძეს;
  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს - თინათინ ბოკუჩავას, გიორგი ვაშაძეს, სოფიო ჯაფარიძეს, კობა ნაყოფიას, გაიოზ ჯაფარიძეს, პეტრე ცისკარიშვილს, გიორგი წერეთელს, ირაკლი ხვადაგიანს, თამარ კორძაიას, ირაკლი ფავლენიშვილს, კახაბერ ოქრიაშვილს, რამაზ ნიკოლაიშვილს, ეკატერინე ხერხეულიძეს, ლევან ხაბეიშვილს, ლაშა ბაქრაძეს, ანა წითლიძეს.
  • „ძლიერი საქართველოს“ წევრებს - მამუკა ხაზარაძეს, ანა დოლიძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ანა ნაცვლიშვილს, ლევან ცუცქირიძეს, ირაკლი კუპრაძეს, ქეთევან თურაზაშვილს, საბა ბუაძეს, სალომე სამადაშვილს, დათუნა რაქვიაშვილს, თამარ ლალიაშვილს, გრიგოლ გეგელიას, ლევან სამუშიას, ფიქრია ჩიხრაძეს.

უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგად „ძლიერმა საქართველომ“ და „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება დაკარგეს. რაც შეეხება „კოალიცია ცვლილებებისთვის“, აღნიშნულმა გაერთიანებამ სახელმწიფო დაფინანსებაზე უარი ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის მიმართვით თქვა.

ცესკოს თავმჯდომარის 26 ნოემბრის განკარგულების თანახმად, პოლიტიკური პარტიების წლიური ფინანსური დაფინანსება ასე განისაზღვრა:

  • „ქართული ოცნება“ – 6 100 265 ლარი;
  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 1 556 080 ლარი;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ – 1 645 805 ლარი;
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 1 307 605 ლარი;
  • „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 1 414 610 ლარი;
  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 752 995 ლარი;
  • „გირჩი“ – 811 115 ლარი.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და „ქართული ოცნების“ პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს არც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, რომელმაც, ცესკოს მონაცემების მიხედვით, 12 მანდატი მოიპოვა. პარტიის წევრებს დეპუტატის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტის თაობაზე განცხადებები არ დაუწერიათ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.