ევროპარლამენტის ლგბტი ინტერ-ჯგუფის წევრები „პრაიდის ფესტივალზე“ თავდასხმასთან დაკავშირებით ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელებს მიმართავენ და „ალტ ინფოს“, ასევე მისი ერთ-ერთი ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 4 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 5 რუსეთის დაზვერვა: EU საქართველოში აქციის მონაწილეებს დღიურად 120 ევროს გადაუხდის
- 6 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
ინტერ-ჯგუფის 18 ივლისის წერილის ადრესატები ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და ევროკომისარი თანასწორობის საკითხებში ჰელენა დალი არიან.
წერილში აღნიშნულია, რომ 8 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ყოველწლიური ღონისძიების გაუქმება და მისი მონაწილეების ევაკუაცია გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც ფესტივალის ტერიტორიაზე მოძალადე ბრბო შეიჭრა. ევროპარლამენტარების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ დაიცვა „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების უსაფრთხოება და ორგანიზატორები პირდაპირი წინაშე დააყენა. მათივე თქმით, ძალზე საგანგაშოა კონტრაქციის კავშირები ულტრა-მემარჯვენე ჯგუფ „ალტ ინფოსთან“, რომლის წევრებმა ადრეც მოახდინეს ყოველწლიური ფესტივალის წინააღმდეგ აქციების ორგანიზება.
„ფესტივალის ადგილზე გადაღებული ვიდეო კადრები ასახავს კონტრ-პროტესტანტთა ბრბოს, რომელიც ანადგურებს ცისარტყელის და ევროკავშირის დროშებს, ასევე სხვა რეკვიზიტებს.
„თბილისი პრაიდზე“ ეს თავდასხმები გამოხატვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების აშკარა დარღვევაა“, - აცხადებენ ევროპარლამენტარები და აღნიშნავენ, რომ ქვეყნები, რომლებიც საქართველოს მსგავსად მიისწრაფვიან, გახდნენ ევროკავშირის წევრები, პატივი უნდა სცენ თითოეული მოქალაქის ამ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს.
„მტკიცედ მოვითხოვთ მიზანმიმართულ სანქციებს „ალტ ინფოს“ ჯგუფის და მის უკან მყოფი ოლიგარქის, კონსტანტინე მორგოშიას მიმართ. ცნობილია, რომ „ალტ-ინფო“ ავრცელებს ლგბტქი-ფობიურ სიძულვილის ენას თავის მედია არხებზე და აქტიურად იყო ჩართული 8 ივლისს „თბილისი პრაიდზე“ თავდასხმებში.
ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ებრძოლონ ლგბტქი-ფობიურ ძალადობასა და რიტორიკას საქართველოში და აიღონ ლგბტქი ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულება... ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ეს ნაბიჯები უმნიშვნელოვანესია საქართველოში ლგბტქი პირთა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად - განსაკუთრებით ქვეყნის ევროპული მისწრაფებების გათვალისწინებით“, - ვკითხულობთ წერილში.
წერილს ხელს აწერენ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი მარკ ანხელი და ჯგუფის წევრი ევროპარლამენტარები - კიმ ვან სპარენტაკი, მარია ვალში, პიერ კარლესკინდი, მალინ ბიორკი და ფაბიო მასიმო კასტალდო.
ლგბტი ინტერ-ჯგუფი ევროპარლამენტის 27 ინტერ-ჯგუფიდან ყველაზე დიდია და 150-ზე მეტ პარლამენტარს აერთიანებს. მისი მიზანი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი (ლგბტი) პირების ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაა.
ამ თემაზე:
საპოლიციო ძალების მოჩვენებითი მობილიზაცია „პრაიდის“ დასაცავად და მხარდაჭერილი ფაშიზმი
