„თბილისი პრაიდის“ ხელმძღვანელი მარიამ კვარაცხელია მიიჩნევს, რომ 8 ივლისს, ფესტივალზე თავდასხმა და მისი ჩაშლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოძალადე ჯგუფებს შორის კოორდინირებით მოხდა. ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ, საჯაროდ გაკეთებული განცხადებებიდან წინასწარ იყო ცნობილი, რომ ისინი ფესტივალის ჩაშლას ნებისმიერ ფასად გეგმავდნენ. თბილისში, ლისის ტბასთან ახლოს, სადაც ფესტივალი უნდა გამართულიყო, სამინისტრომ თავი კი მოუყარა ასობით პოლიციელს, თუმცა უფრო საჩვენებლად, ვიდრე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად და ძალადობის პრევენციისთვის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„პრაიდის ფესტივალის“ დღე
ფესტივალი შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე უნდა ჩატარებულიყო. დასწრება მხოლოდ მათ შეეძლოთ, ვინც ორგანიზატორებს ჰყავდათ მიწვეული ან წინასწარ დარეგისტრირდნენ.
„ვემზადებით „პრაიდის ფესტივალისთვის“. ამ წუთებში არტისტები, ძალიან ცნობილი ბენდები გადიან რეპეტიციებს, ვამზადებთ დეკორაციებს, ველოდებით სტუმრებს, მათ შორის, ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, აქტივისტებს, უფლებადამცველებს. ამ ფესტივალზე არ მოდიან მხოლოდ ლგბტ ადამიანები, არამედ ყველა, ვისთვისაც დემოკრატია, ევროინტეგრაცია, თანასწორობა, უმცირესობების მდგომარეობა ამ ქვეყანაში არის მნიშვნელოვანი. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ვმუშაობთ რამდენიმე თვეა. ისინი იცავენ ღონისძიებას, ძალიან ბევრი პოლიციელია წარმოდგენილი“, - ეს განცხადება მარიამ კვარაცხელიამ ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა. ღონისძიების ორგანიზატორებს შსს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს აძლევდა. 7 ივლისს გავრცელებულ განცხადებაშიც უწყება წერდა, რომ მიიღებდა „ყველა შესაბამის ზომას“, რათა ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, აგრეთვე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაეცვა“.
ფესტივალი 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. ოთხი საათით ადრე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე პრორუსული და ძალადობრივი პარტიის, „ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, ვატო შაქარიშვილის მოძრაობის მოწოდებითა და ორგანიზებით, მოქალაქეებმა და მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებმა დაიწყეს შეკრება. მათ შორის იყვნენ სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი და დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომლებმაც ფესტივალის ჩასაშლელად შეკრებილი ადამიანები დალოცეს.
„ჩვენი ამოცანაა ავიდეთ იქ ბოლომდე, ყველა მიზეზის გარეშე. ჩვენ იქ, მთელ იმ ტერიტორიას ავიყვანთ კონტროლქვეშ. იმ ტერიტორიას, სადაც რაღაცის ჩატარება უნდათ, ჩვენ, ხალხი მოვაქცევთ ალყაში!“, - მიმართა აქციის მონაწილეებს ზურაბ მახარაძემ, „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რის შემდეგაც ლისის ტბისკენ მსვლელობა დაიწყო. მახარაძემ მხარდამჭერებს ორ ჯგუფად გაყოფისა და სხვადასხვა მხარეს წასვლის განკარგულება მისცა.
„ჩვენ მარცხენა მხრიდან ვახდენთ ბლოკირებას. სამივე გზა, რომელიც მიდის იმ კონკრეტულ ტერიტორიამდე, იქნება ბლოკირებული. ვერავინ მანდ ვერ შევა და თუ ვინმე იქ არის, გავაყვანინებთ, რადგან ვერავითარი ფესტივალი იქ 4 საათზე ვერ ჩატარდება“, - ამბობდა „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ თავმჯდომარე გიორგი ქარდავა.
რადიკალურმა ჯგუფებმა საფესტივალო ტერიტორიამდე მარტივად მიაღწიეს. მოსალოდნელი ძალადობის თავიდან ასარიდებლად პოლიციას არც შესაბამისი ტექნიკა ჰქონდა და არც სათანადოდ იყვნენ აღჭურვილნი.
მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში მოძალადეების განზრახვისა და ქცევის მიმართ, სოლიდარობასაც კი გამოხატავდნენ. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ ესალმება და ეხუტება შსს-ს ნიღბიანი თანამშრომელი ძალადობრივი აქციის მონაწილეს.
ევაკუაცია და დარბევა
ფესტივალის ტერიტორიაზე ძალადობრივი ჯგუფების შეჭრისთანავე პოლიციამ „პრაიდის“ ორგანიზატორები და მოხალისეები წინასწარ მობილიზებულ მიკროავტობუსში ჩასვა, მათივე უსაფრთხოების დაცვის საბაბით. „თბილისი პრაიდის“ ხელმძღვანელის, ანა სუბელიანის თქმით, პოლიციელებმა მოძალადეებს გზა თავად გაუხსნეს, ხელოვნურად შექმნეს შთაბეჭდილება, თითქოს ხალხის მასას ვერ მართავდნენ და სამარშრუტო ტაქსში ჩაჯდომა ფაქტობრივად აიძულეს.
„უცებ ატყდა ჩოჩქოლი, რაღაც ნივთების სროლა, ჩემს ერთ-ერთ თანამშრომელს რაღაც მძიმე ნივთმა ჩაუფრინა და შემთხვევით გადარჩა, რომ თავში არ მოხვდა. მან თავისი თვალით დაინახა, როგორ ანიშნებდა პოლიცია [მოძალადეებს], შემოდითო. შემოიყვანეს ტერიტორიაზე, უცებ პანიკა დაატრიალეს და ფაქტობრივად, გვაიძულეს ამ „მარშუტკებში“ ჩაჯდომა. მერე გვატარეს ტყე-ღრეში. ჩვენს წინ მიმავალი პოლიციის მანქანა გაჩერდა, გააჩერა სამარშრუტო ტაქსის მძღოლი და ეუბნება, ჩამოსვი ეს ხალხიო. ეს ხდება დაუსახლებელ ადგილას, არც კი ვიცი, რა ადგილი იყო. უნდოდათ, იქ ჩამოვსულიყავით ევაკუირებული ადამიანები. ჩხუბი და ყვირილი მოგვიწია, რის შედეგადაც იძულებულები გახდნენ უფრო უსაფრთხო ადგილას მივეყვანეთ“, - ამბობს სუბელიანი.
ფესტივალის ორგანიზატორებმა მიკროავტობუსიდან გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათქვამი იყო: „მოგვიწია ტერიტორიის დატოვება. პოლიციამ ვერ შეძლო ტერიტორიის დაცვა“. ისინი ფესტივალის სტუმრებს აფრთხილებდნენ, ლისის ტერიტორიაზე არ მისულიყვნენ.
შეჭრის შემდეგ, რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ტერიტორია დაარბია. მათ ლგბტქ+ მოძრაობის, ევროკავშირისა და უკრაინის დროშები დაწვეს, დაანგრიეს ტერიტორიაზე განთავსებული დახლები, დააზიანეს ფესტივალის სასცენო დეკორაციები, მოიპარეს სხვადასხვა ნივთი და სასმელები.
შსს-ს თავის მართლება და ფესტივალის ორგანიზატორების პასუხი
მას შემდეგ, რაც ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა „ალტ ინფოს“ მიერ დასახული ამოცანები შეასრულეს და საფესტივალო ტერიტორია მთლიანად დაიკავეს, მედიასთან კომენტარი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ. მან თქვა, რომ პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს თითოეული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, თუმცა არაფერი უთქვამს, შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებებზე, რომლებიც სახელმწიფომ 8 ივლისსაც არ დაიცვა.
„დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ადგილზე იყვნენ მობილიზებული - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ქალაქ თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია, თუმცა, კონტრაქციის მონაწილეების საკმაოდ დიდი რაოდენობა მოვიდა. შესაბამისი კორდონები გვქონდა გზებზე, მაგრამ ვინაიდან ეს არის გაშლილი ტერიტორია, აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და პოლიციის კორდონები გაერღვიათ. თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები, ვინც ადგილზე იყვნენ, უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არანაირი დაზიანება არ მიუღიათ“, - აღნიშნა დარახველიძემ.
შეკითხვაზე, შსს-მ რატომ არ გადაკეტა გზები მაშინ, როდესაც ძალადობრივი ჯგუფები ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ლისის ტბის მიმართულებით დაიძრნენ ან მათ წინააღმდეგ რატომ არ იქნა გამოყენებული სპეციალური საშუალებები - წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი - ისე, როგორც ეს, მაგალითად, მარტის აქციების დროს მოხდა, დარახველიძემ უპასუხა: „დღეს მობილიზებული იყო პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა, რაც შეიძლება ყოფილიყო ამ ადგილზე დაცვისთვის, თუმცა, მოგეხსენებათ, ყველა აქცია - შეუძლებელია 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და მთლიანად იყოს დაცული განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გაშლილ ტერიტორიაზეა საუბარი. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით ამ რისკებზე, მაგრამ ხედავთ, რომ მოვიდა ძალიან დიდი რაოდენობა კონტრაქციის მონაწილეებისა“.
„თბილისი პრაიდის“ ხელმძღვანელი ანა სუბელიანი ამბობს, რომ ფესტივალის ორგანიზატორებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების, მათ შორის, ალექსანდრე დარახველიძის მონაწილეობით, ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი შეხვედრა გაიმართა და შსს-სთვის კარგად იყო ცნობილი, სად იგეგმებოდა ღონისძიების ჩატარება.
„ყველა შეხვედრაზე ვეკითხებოდით, რა იყო მათი შეფასება ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით. ყველა ეს შეხვედრა არის დაოქმებული. ისინი ხაზგასმით ამბობდნენ, რომ ეს ტერიტორია არის ბევრად უფრო ადვილი დასაცავი, ვიდრე შარშანდელი საფესტივალო ტერიტორია, რომელიც სხვათა შორის, ძალიან კარგად დაიცვეს. ეს კომპონენტიც იყო ალექსანდრე დარახველიძესთან შეთანხმებული. ის არის მატყუარა.
ყველა შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს, ევროკავშირის, ამერიკის საელჩოს და სახალხო დამცველის წარმომადგენლები, შსს კი იძლეოდა „უპირობო გარანტიას“, რომ „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ თითოეულ დახურულ ღონისძიებას დაიცავდნენ:
ერთ-ერთ შეხვედრაზე უშუალოდ ალექსანდრე დარახველიძე გვეუბნებოდა, რომ გამოყვანილი იქნებოდა არათუ პოლიციის მთელი დანაყოფები თბილისიდან, არამედ აღმოსავლეთ საქართველოდან ჩამოიყვანდნენ 5-6 ათას პოლიციელს, რომელიც ეფექტურად აღუდგებოდა წინ ამ რადიკალურ ჯგუფებს, თუ ესკალაცია მოხდებოდა, ეყოლებოდათ რობოკოპები, მძიმე ტექნიკა, წყლის ჭავლი. საკმაოდ მაღალი სტანდარტის დაცვის და მობილიზების გარანტიებს გვაძლევდნენ და ვიზუალურადაც რასაც ვხედავდით, საკმაოდ მობილიზებულები იყვნენ. დიდი რაოდენობით იყვნენ და ეს გვაძლევდა იმის განცდას, რომ ისინი მართლა აპირებდნენ ჩვენს დაცვას“, - ამბობს ანა სუბელიანი.
ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებმა დახურული ღონისძიების გამართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ, მიიღეს, რაც წარსულმა გამოცდილებამ, მათ შორის, 2013 წლის 17 მაისის და 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებმა აჩვენა, რომ სახელმწიფო ვერ იცავს მათ უფლებას, საჯაროდ შეიკრიბონ.
„ვიცით, რომ ჩვენ უკვე დაკარგული გვაქვს საჯარო შეკრების უფლება, თუმცა წინა წლებში მაინც ხერხდებოდა ჩაკეტილ ტერიტორიაზე ფესტივალის დაცვა. ეს რომ წელს არ მოხერხდა და სახელმწიფომ ძალადობრივი ჯგუფები მოგვიქსია, ნამდვილად უკუსვლაა ადამიანის უფლებების კუთხით და ევროინტეგრაციის საბოტაჟი“, - ამბობს თამარ ჯაყელი, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელი.
პრეზიდენტის და დიპკორპუსის გამოხმაურება
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე სამართალდამცავი ორგანოები გააკრიტიკა. მისი თქმით, ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი, სამართალდამცველებთან შეთანხმებული, ჩაკეტილ სივრცეში მოწყობილი საკუთარი ღონისძიება, რაზეც სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული და ამდენად, ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული.
„დღეს, ქვეყანაში დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით გაცემული პირობა: მე-17 მუხლი, რომ ყველასათვის დაცული იქნებოდა აზრის გამოხატვის უფლება და 21-ე მუხლი - შეკრების თავისუფლების უფლება. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შეკრების უფლების დაცვა სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცვას, ვითომ სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება. ამ ფორმით და ამ მოტივით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ღონისძიება, რომლის ფორმა, ან შინაარსი არ მოეწონება რომელიმე რადიკალურ ჯგუფს, ალბათ, ჩაიშლება თუკი სამართალდამცავი ორგანოები იმ ფორმით იმოქმედებენ, როგორც დღეს იმოქმედეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
„პრაიდის ფესტივალის“ დარბევას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოები, ასევე, ევროკავშირის წარმომადგენლობა და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები გამოეხმაურნენ. მათ ხელისუფლებას მოუწოდეს, აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია და პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, რომლებმაც აგრესიული გზით ხელი შეუშალეს მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ ორი პირი ჰყავს დაკავებული. მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით მიმდინარეობს. საფესტივალო ტერიტორიის ძარცვასთან დაკავშირებით შსს-ს გამოძიება ქურდობის მუხლით აქვს დაწყებული.