7-თვიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ვაშაძე თავისუფალია

ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელიც ბოლო შვიდი თვის განმავლობაში პატიმრობაში იყო, თავისუფალია. მან რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დღეს, 23 იანვარს დატოვა. პოლიტიკოსს ციხესთან ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამებრძოლები დახვდნენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საპატიმროს დატოვების შემდეგ ვაშაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„მინდა მივესალმო საქართველოს. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ გვინდა ვიცხოვრიოთ სამართლიან ქვეყანაში; ქვეყანაში, როიმელიც წინ მიდის, არის განვითარებულ ქვეყნებს შორის, არის ევროკავშირის ღორსეული წევრი, წარმოდგენილია საერთაშორისო ასპარეზზე. მინდა, ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც ადამიანს არ დაიჭერენ მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ განსხვავებული აზრი აქვს. სიმართლე გითხრათ, 7 თვე რთული იყო, მაგრამ რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად დიდია, რომ არცერთი დღე არ გამჭირვებია“,  – თქვა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძეს თავისუფლების აღკვეთა თიბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა მიუსაჯა. 2025 წლის 24 ივნისს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დამნაშავედ ცნეს „ქართული ოცნების“ პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო. 7 თვიანი პატიმრობის შეფარდების გარდა, მას ორი წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.

პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. „ქართული ოცნების“ პროკურატურის მტკიცებით, ვაშაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები „საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ, საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს“ ინფორმაციას აწვდიდნენ. შედეგად, საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს, სანქციები დაუწესდათ.

გარდა ამისა, პროკურატურის მტკიცებით, ვაშაძე საჯაროდ აკეთებდა მოწოდებებს „რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცავთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ“.

აღნიშნულ საქმეზე ვაშაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

„რაც შეეხება ამ ახალ საქმეს, ჩავრთე ტელევიზორი და გამოაცხადეს, რომ 15-წლიანი მუხლით მემუქრებიან. მომივიდა საქმე. საქმეში რა არის? - ცარიელი ფურცელი, სახელი, გვარი და 15 წელი. მეტი არაფერი წერია. ეს საქმე არის არაფერი. მაქვს მოლოდინი, რომ ეს საქმე შეწყდება“,  განაცხადა გიორგი ვაშაძემ 23 იანვარს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.