700 ლარით დაჯარიმდა მოქალაქე, რომელმაც რუსული კანონის გამო დეპუტატი ჯაფარიძე გააკრიტიკა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელთა ჩვენების საფუძველზე სამართალდამრღვევად ცნო და 700 ლარით დააჯარიმა მარიამ წიწიკაშვილი, რომელმაც რუსული კანონის მხარდაჭერის გამო დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე გააკრიტიკა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეს წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მოწმე პოლიციელები ამბობდნენ, თითქოს, „მონას“ და „მოღალატეს“ ვყვიროდი. არც ჩემს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში და არც შსს-ს მიერ მოტანილ მცირე ვიდეოკადრში, არ ისმის, რომ მე ამ სიტყვებს ვამბობ“, - განაცხადა მარიამ წიწიკაშვილმა პროცესის შემდეგ.

წიწიკაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები იმ ადამიანების დაშინებას ემსახურება, ვინც რუსული კანონის ირგვლივ კრიტიკულ აზრს გამოხატავენ.

„სურთ, რომ მოქალაქეები, რომლებიც დეპუტატების პირისპირ სიმართლეს აცხადებენ, მიუთითებენ, რომ მათ მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოს დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს ძირი გამოუთხარა, დააშინონ, რათა სხვებმა მსგავსი რამ ვეღარ გაბედონ.

ალბათ, ეს ყველაფერი, მათ შორის, ვიქტორ ჯაფარიძის გადაწყვეტილების შედეგიც არის. ბატონო ვიქტორ, გილოცავთ, 700 ლარით დამაჯარიმეს და რაც მთავარია, სამართალდამრღვევად მცნეს“, - თქვა წიწიკაშვილმა.

გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მარიამ წიწიკაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 9 ივნისს, გამთენიისას, ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ოქმის შედგენის შემდეგ გაათავისუფლეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ის ვიქტორ ჯაფარიძეს შეეკამათა და უთხრა, რომ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონისთვის ხმის მიცემის გამო უნდა სცხვენოდეს. ინციდენტის ნაწილის ამსახველი ვიდეო თავად მარიამ წიწიკაშვილმა გამოაქვეყნა.

„თქვენ ხართ იმ ადამიანის გვერდით, ვინც საქართველოს დემოკრატია დაასამარა, სამჯერ თუ ოთხჯერ ღილაკზე თითის მიჭერით, საქართველოს ევროპულ მომავალს უთხრა უარი. უნდა შეგრცხვეთ ყველგან, გრცხვენოდეთ“, - მიმართავდა მარიამ წიწაკაშვილი ვიქტორ ჯაფარიძეს და მის მეუღლეს. დეპუტატმა მას თავხედი და გაუზრდელი უწოდა, ხოლო რეპლიკაზე, რომ ის ემიგრანტის შვილია, უპასუხა - „გეტყობა“.

ინციდენტი დასრულებული იყო, როდესაც პოლიციელებმა მარიამ წიწიკაშვილი დააკავეს, მისი მეგობარი, ირინა გურგენაშვილი რეისიდან მოხსნეს.

მარიამ წიწიკაშვილი „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) თანამშრომელია. ორგანიზაციამ დაკავება ანგარიშსწორებად შეაფასა და განაცხადა, რომ მარიამ წიწიკაშვილმა ჯაფარიძის მიმართ შენიშვნა სიტყვის თავისუფლების ფარგლებში, უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენების გარეშე დააფიქსირა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).