ლატვიაში ლიცენზიის ჩამორთმევის შემდეგ, 8 დეკემბრიდან, ტელეკომპანია „დოჟდის“ მაუწყებლობა ლიეტუვის ტერიტორიაზეც შეწყდება. გამოცემა Delfi-ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიამ მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ „დოჟდს“ მაუწყებლობის ლიცენზია 6 დეკემბერს გაუუქმა და YouTube-ზე მისი დაბლოკვაც მოითხოვა.
საბჭოს თავმჯდომარემ ივარს აბოლინშმა გამოცემა „ნასტოიაშეე ვრემიასთან“ ინტერვიუში, ლიცენზიის გაუქმების მიზეზად ბოლო თვეებში დაფიქსირებული „მთელი რიგი დარღვევები“ დაასახელა.
„პირველ რიგში, ეს არის ხმოვანი ბილიკი [თარგმანი], რომელიც ტელეკომპანია „დოჟდს“ ლიცენზიის მიღების შემდეგ, კანონის შესაბამისად, უნდა განეთავსებინა. ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანიის მიმართ უკვე იყო გამოყენებული ადმინისტრაციული ჯარიმა, რის შემდეგაც ერთი თვე გავიდა, მაგრამ არაფერი შეიცვალა. უფრო მეტიც, განაცხადეს, რომ ლატვიურ ენაზე ხმოვანი ბილიკის განთავსებას არ აპირებდნენ. ეს აჩვენებს მათ დამოკიდებულებას ლატვიის კანონების, ენისა და თავიანთი ვალდებულებების მიმართ“, - ამბობს აბოლინში.
ლიცენზიის ჩამორთმევამდე, მარეგულირებელმა ორგანომ „დოჟდი“ 10 ათასი ევროთი დააჯარიმა ანექსირებული ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში ჩვენებისა და იმის გამო, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები „ჩვენ არმიად“ მოიხსენიეს. გარდა ამისა, 2 დეკემბერს, ეთერში გავიდა ტელეწამყვან ალექსეი კოროსტელიოვის მონოლოგი, სადაც ის იმედს გამოთქვამს, რომ ტელეკომპანია რუს სამხედრო მოსამსახურეეებს დაეხმარა. კოროსტელიოვი სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა არხის გენერალური დირექტორი ნატალია სინდეევა ამ გადაწყვეტილებას ახლა უკვე შეცდომას უწოდებს და გათავისუფლებულ თანამშრომელს პატიებას სთხოვს.
ლატვიის ელქტრონული მედიის ეროვნული საბჭო მიიჩნევს, რომ „დოჟდის“ მაუწყებლობა საფრთხეს უქმნის ლატვიის უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს.
„ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ტელეკომპანია „დოჟდი“ ვერ აცნობიერებს ამ დარღვევების მთელ სიმძიმეს. მათ ლატვიურ საინფორმაციო სივრცეში დარჩენის უფლება აღარ აქვთ“, - აღნიშნა აბოლინშმა.
მისი თქმით „დოჟდთან“ დაკავშირებული მთელი ისტორია აჩვენებს, რომ ლატვია ღიაა რუსული მედიისთვის, რუსი ჟურნალისტებისთვის და არ შეიძლება იმის თქმა, რომ მათ ცუდად ექცევიან:
„არის ერთი კონკრეტული მედია, რომელიც ლატვიის კანონებს არ იცავს. ადამიანი პუტინის დიდი მოწინააღმდეგეც რომ იყოს, თუ ლატვიაში ჩამოვა, პატივი უნდა სცეს და დაიცვას ლატვიის კანონები. ეს ელემენტარულია. „დოჟდისგან“ არავინ ითხოვდა რაღაც შეუძლებლის გაკეთებას. მხოლოდ ლატვიის კანონების დაცვა იყო საჭირო. არ ეჩვენებინა ყირიმი რუსეთის ნაწილად. უკრაინაში მათ იგივე მოუვიდათ, დაშვებულ შეცდომებზე არ იმუშავეს“.
„დოჟდის“ მთავარი რედაქტორი ტიხონ ძიადკო ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ მას საღ აზრთან საერთო არაფერი აქვს. ძიადკომ ლატვიაში „დოჟდის“ დახურვა 2014 წელს რუსეთში საკაბელო ქსელებიდან არხის გათიშვას შეადარა.
„დოჟდი“ რუსეთში 2010 წლიდან მუშაობდა და ამჟამად რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოურ აგენტად“ არის გამოცხადებული. უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, ტელეკომპანიის მთავარმა რედაქტორმა და რედაქციის ბევრმა წევრმა ქვეყანა დატოვა. არხის გენერალური დირექტორის, ნატალია სინდეევას თქმით, მათი ეს გადაწყვეტილება ყალბი ამბების შესახებ რუსეთში მიღებულმა ახალმა კანონმაც განაპირობა. „დოჟდის“ მთავარი რედაქტორი ტიხონ ძიადკო და მისი მეუღლე, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკატერინე კოტრიკაძე საქართველოში ჩამოვიდნენ, სადაც ტელეკომპანია „ფორმულას“ ბაზაზე დაიწყეს გადაცემების მომზადება. „დოჟდმა“ მაუწყებლობა ივნისის დასაწყისში რიგიდან განაახლა, როდესაც ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭოსგან შესაბამისი ლიცენზია მიიღო.