8 პარტია: არ მივიღებთ მონაწილეობას 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში

სააგენტო ინტერპრესნიუსის ფოტო

დღეს, 19 ივლისს, უწყვეტი პროევროპული აქციების 234-ე დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე მსვლელობა გაიმართა. პარლამენტთან ერთობლივი განცხადება წაიკითხეს ოპოზიციურმა პარტიებმა და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. რვა პარტიის განცხადებით, 4 ოქტომბრის არჩევნები მორიგი რუსული სპეცოპერაციაა და მხოლოდ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს აღიარებენ.  

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს პარტიების ერთობლივი განცხადება „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ გააცნო.

„ივანიშვილის რეჟიმი 4 ოქტომბერს საქართველოში მორიგ რუსულ სპეცოპერაციას გეგმავს. ჩვენ 8 პროდასავლური ძალა არ გავხდებით რეჟიმის თანამზრახველი საქართველოს მოქალაქეების მოტყუებაში. არ მივიღებთ მონაწილეობას 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში და არ გავწირავთ საქართველოს მოქალაქეებს ეგზისტენციალური საფრთხისთვის.

ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ შექმნილი განუკითხაობის და უსამართლობის დაკანონებაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ რეჟიმის პრინციპული და თანმიმდევრული იზოლაციით, რუსული რეჟიმის სრულ იზოლაციას აუცილებლად მოჰყვება მისი დემონტაჟი, შედეგად მიტაცებულ ძალაუფლებას დაიბრუნებს ხალხი და თავისუფალი არჩევნების გზით მოგვანიჭებს პოლიტიკურ პარტიებს მანდატს იმისთვის, რომ დავასრულოთ ქაოსი და დავამკვიდროთ უსაფრთხო, დემოკრატიული ქართული სახელწმიფო.

ჩვენი გამარჯვების გზა არის საზოგადოების ერთობა და რეჟიმთან არ თანამშრომლობა, უწყვეტი, მშვიდობიანი წინააღმდეგობის გაფართოება, რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციაზე ერთობლივი მუშაობის გააქტიურება. ამ ამოცანების შესასრულებლად, ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს - არ ვაღიარეთ პარლამენტად წოდებული ფარსი და უარი ვთქვით მანდატებზე, არ ვაღიარეთ საგამოძიებო კომისიად წოდებული ფარსი პირადი თავისუფლების ფასად, ვიმუშავეთ საერთაშორისო და საპროტესტო ჯგუფებთან იმისთვის, რომ მიგვეღწია რეჟმის საერთაშორისო იზოლაციისთვის.

ამ ძალისხმევამ, ქართველი ხალხის უწყეტ პროტესტთან ერთად, რეჟიმი შეარყია და ივანიშვილის ბანდაში შიდა დაპირისპირებები გამოიწვია.

იმისთვის, რომ ცვლილება დადგეს და ის შედეგი მოიტანოს, რაც ისტორიულ გზაზე დაგვაბრუნებს, სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული პოლიტიკის სისტემური გადატვირთვა.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიწყებთ „წინააღმდგეობის წევრების ორგანიზებას“ იმისთვის, რომ პოლიტიკური ბრძოლა თითოეულ ქალაქსა და სოფელში გაიშალოს და ხალხიდან წამოსულ იმპულსს, მათ ინტერესბსა და ენერგიას დაეფუძნოს“,– ნათქვამია პარტიების განცხადებაში.

განცხადებას უერთდებიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ახალი“, „ფედერალისტები“, „თავისუფლების მოედანი“ და „ევროპული საქართველო“.

თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს არ უცხადებს პროევროპული აქციების მონაწილე ორი ოპოზიციური პარტია – კოალიცია „ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია - საქართველოსთვის“. მათ „არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმიც გააფორმეს.  

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.