არჩევნებთან დაკავშირებით გახარიას პარტიამ და „ლელომ“ მემორანდუმი გააფორმეს 

დღეს, 14 ივლისს, პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ და კოალიცია „ლელო – ძლიერ საქართველოს“ შორის, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მიზანი „არჩევნებზე ურთიერთკონკურენციის გამორიცხვაა“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მემორანდუმს ხელი ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ და „ლელო ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს. ლიდერების თქმით, პოლიტიკური გაერთიანებები თანხმდებიან, საზოგადოებრივი კონსესუსის საფუძველზე, შეაჩერონ საერთო მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები.

„[შეთანხმება] გულისხმობს საერთო ბრძოლას, კოორდინაციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, იმიტომ, რომ ეს არ არის სტანდარტული არჩევნები. შესაბამისად, ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ურთიერთკონკურენცია ამ არჩევნებზე, ამიტომ მერობის არაპარტიულ ნეიტრალურ კანდიდატზე ვეცდებით შეთანხმება დავდოთ…

ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ფორმით ნორმალიზებას ვახდენთ რაიმე პროცესის. ეს პირიქით, პროტესტის გაფართოების და ახალი მუხტის მიცემის დამატებითი საბრძოლო ხაზია“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ირაკლი კუპრაძის თქმით, მათი თანამშრომლობა სწორედ მოქალაქეების დაკვეთაა, რათა პარტიებმა კოორდინირებულად და კონკურენციის გარეშე იბრძოლონ საერთო ველზე. 

 „კარგად გვაქვს გააზრებული, რომ „ქართული ოცნება“ შეეცდება ადგილობრივი არჩევნების გაყალბებას/მოპარვას, მაგრამ ვინმემ უნდა იბრძოლოს და ილაპარაკოს ხალხის სახელით მათ საჭიროებებზე და პრობლემებზე.

პატივს ვცემთ იმ ოპოზიციური პარტიების პოზიციას, ვინც სხვაგვარად უყურებს ბრძოლას - მაგრამ ყველანი ვთანხმდებით მთავარ მიზანზე: დავამთავროთ არალეგიტიმური რუსული მმართველობა და დავუბრუნოთ ქვეყანა ხალხს. მოვუწოდებთ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს, პროტესტში ჩართულ აქტიურ ადამიანებს, შემოგვიერთდით! ეს არის დასაწყისი დიდი ბრძოლისა! ჩვენი კარი ღიაა ყველა პოლიტიკური ძალისა თუ სამოქალაქო ჯგუფისთვის!“, თქვა კუპრაძემ.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. ოპოზიციურ პარტიებიდან არჩევნებში მონაწილეობას იღებენ „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“. 

ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გარეშე, ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს 8 პარტია:

  • “ახალი”
  • “გირჩი – მეტი თავისუფლება”,
  • “დროა”
  • “ფედერალისტები”,
  • “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
  • “სტრატეგია აღმაშენებელი”
  • “ევროპული საქართველო”
  • “თავისუფლების მოედანი”.

მათი ერთობლივი განცხადების მიხედვით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა „პრინციპული, უკომპრომისო ბრძოლით“ დააჩქარონ „არადემოკრატიული, ოლიგარქიული სისტემის დასასრული“. ამავე მოწოდებით მათ 19 ივლისს, სამოქალაქო საზოგადოების სხვა ჯგუფებთან ერთად, აქცია-მსვლელობა ჩანიშნეს. 

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ბოლო კვლევის მიხედვით, “ლელო - ძლიერი საქართველოს” რეიტინგი 9.5%, ხოლო “გახარია - საქართველოსთვის” – 10%-ია. (შედეგები მითითებულია ალოკაციით). დედაქალაქში მათი რეიტინგი ასე გამოიყურება: “ლელო - ძლიერი საქართველო” – 10.6%; “გახარია - საქართველოსთვის” – 5.7%.

ამავე კვლევის მიხედვით, პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლებში უფრო დიდი წილი (43%) ოპოზიციის მხრიდან ადგილობირვი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის მომხრეა, ხოლო 26% – დათქმით მონაწილეობის. უპირობო მონაწილეობას 20% ემხრობა.

9 ივლისს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის გამოხატვის რეალურ შესაძლებლობას.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.