ევროპარლამენტმა 490 ხმით საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა 490 ხმით, 147-ის წინააღმდეგ, საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. მასში ხაზგასმულია ევროპარლამენტის პოზიცია, რომ საქართველოში არსებული კრიზისის დასაძლევად, საჭიროა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა სასწრაფოდ უნდა გადააფასონ ურთიერთობა „ქართული ოცნების“ რეჟიმთან, მიიღონ კონკრეტული ზომები სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდასაჭერად. ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ძალადობრივ რეპრესიებს, თვითნებურ და პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს, ასევე, პროევროპულ საპროტესტო აქციების მხარდაჭერის გამო, საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლებას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ევროპარლამენტმა დაამტკიცა შესწორება, რომელიც 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხება. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობების გათვალისწინებით, ეს არჩევნები უზარმაზარ გამოწვევებს უქმნის ნებისმიერ პოტენციურ მონაწილეს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან კონკურსს ელის და მეტიც, ასეთი მონაწილეობა თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიერ ახალი სტატუს კვოს აღიარებად იქნება გამოყენებული.

„მომავალი არჩევნები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის გამოხატვის რეალურ შესაძლებლობას, თუ არ გათავისუფლდებიან დაპატიმრებული და დაკავებული ოპოზიციური ლიდერები და თუ არჩევნები არ ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და სანდო საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ, რაც უზრუნველყოფს სამართლიან, თავისუფალ და გამჭვირვალე პროცესს“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაამყარა და საქართველოს არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოდ მიიჩნევს.

ევროპარლამენტი სინანულს გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს პარლამენტი არის ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც გაყალბებული არჩევნების საფუძველზე ჩამოყალიბდა, რაც შეუთავსებელია პლურალისტურ საპარლამენტო დემოკრატიასთან და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ სტანდარტებთან.

ევროპარლამენტი უარყოფს ნებისმიერ გადაწყვეტილებას იმ ორგანოს მიერ, რომელმაც კონტროლი დაამყარა ქვეყანაზე, მათ შორის, ნაჩქარევ ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ერთპარტიული პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ საქართველოს პოლიტიკური კურსი ხელშესახებ ცვლილებებს არ განიცდის და ახალი თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრებისგან, დაწყებული ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტით.

რეზოლუციით საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად კვლავ სალომე ზურაბიშვილია აღიარებული.

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ; მკაცრად გმობს ძალადობრივ რეპრესიებს, თვითნებურ და პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს და მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და გააუქმოს ცოტა ხნის წინ მიღებული დრაკონული კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს სახალხო პროტესტების ჩახშობას.

ევროპარლამენტი გამოხატავს განსაკუთრებულ შეშფოთებას პოლიტიკური პატიმრების მზარდი რაოდენობის გამო და კიდევ ერთხელ გამოდის ყველა მათგანის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების მოწოდებით.

რეზოლუციით უმკაცრესად დაგმობილია ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას და სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დაკავება და გასამართლება. ევროპარლამენტი ამ პირებს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს.

ევროპარლამენტი ასევე ითხოვს „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას და მის მიმართ ყველა ბრალდების მოხსნას, გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და ითხოვს, სასწრაფოდ მიეცეს წვდომა სანდო სამედიცინო მომსახურებაზე.

რეზოლუციით დაგმობილია 2024 წლის დეკემბრიდან დაახლოებით 700 საჯარო მოხელის გათავისუფლებას პროევროპულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის ან მათი მხარდაჭერის გამო. „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებას მოუწოდებენ, გააუქმოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები.

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივი და ყოვლისმომცველი აუდიტის საჭიროებას და ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს მოუწოდებს, გადახედონ ასოცირების შეთანხმებისა და უვიზო მიმოსვლის სტატუსს, მისი შეჩერების შესაძლებლობით, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.

ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტებისთვის ქვეყნის სწრაფად დატოვების შესაძლებლობის მისაცემად, რადგან ბევრი მათგანი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას განიცდის.

ევროპარლამენტი კვლავ ხაზს უსვამს ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობას საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე და მოუწოდებს ევროკავშირს, სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით, გაყინოს ივანიშვილის ფინანსური აქტივები; გარდა ამისა, მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, ორმხრივად და კოორდინირებულად დააწესონ პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ ძირითადი პოლიტიკური ლიდერების, თანამდებობის პირებისა და რეჟიმის ხელშემწყობი პირების მიმართ ადმინისტრაციაში, ბიზნესში, მედიაში, სასამართლო სისტემაში, სამართალდამცავ ორგანოებსა და საარჩევნო კომისიაში; აგრეთვე, მოუწოდებს, განიხილონ შემდგომი შემზღუდავი ზომები: SWIFT-იდან გათიშვა ან სექტორული სანქციები, რომლებიც მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლის წყაროების შეწყვეტას;

რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას, სანქციები გავრცელდეს საშუალო და დაბალი დონის საჯარო მოხელეებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიული ზომების განხორციელებაზე.

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით შეიძლება, რომელიც მომდევნო რამდენიმე თვეში უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და გულმოდგინე საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი დამკვირვებლების მონიტორინგით.

რეზოლუცია იმეორებს მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.

ევროპარლამენტი მკაცრად გმობს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისათვის გარემოს მუდმივ და განზრახ განადგურებას რუსული სტილის რამდენიმე შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებით.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველო, ამჟამინდელი მთავრობის ხელმძღვანელობით, ისეთი მიმართულებით მოძრაობს, რომელიც მას ბელარუსის მსგავსად, რუსეთის ვასალურ სახელმწიფოდ გადაქცევის რისკის ქვეშ აყენებს. ევროპარლამენტი შეშფოთებით აღნიშნავს „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ჩინეთის მიმართ ბოლოდროინდელ სტრატეგიულ შემობრუნებას და ირანთან მზარდ თანამშრომლობას.

რეზოლუცია ეყრდნობა საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშებს. საკითხზე მომხსენებელი ლიეტუველი ევროპარლამენტარი, „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელი რასა იუკნევიჩიენე იყო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.