ISSA-ს კვლევა: ოცნება - 35.8%, კოალიცია ცვლილებისთვის - 18%, ენმ - 16.6%, გახარია - 10%, ლელო - 9.5%

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევის მიხედვით, “ქართული ოცნების” რეიტინგი თითქმის 36%-ია. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კითხვაზე, ამ შაბათს რომ იმართებოდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელ პარტიას/პოლიტიკურ ძალას მისცემდით ხმას, მოქალაქეებმა შემდეგი პასუხები გასცეს (შედეგები მითითებულია ალოკაციით):

  • “ქართული ოცნება”/”ხალხის ძალა”: ივნისი - 35.8% (მაისი - 35.2%);
  • “კოალიცია ცვლილებისთვის”: ივნისი - 18% (მაისი - 17%);
  • “ერთიანობა - ენმ”: ივნისი - 16.6% (მაისი - 14.6%);
  • “ლელო - ძლიერი საქართველო”: ივნისი - 9.5% (მაისი - 13.4%);
  • “გახარია - საქართველოსთვის”: ივნისი - 10% (მაისი - 12.4%).

თბილისში “ქართული ოცნების” და მეინსტრიმული ოპოზიცური პარტიების რეიტინგი, ივნისის მონაცემებით, ასეთია:

  • “ქართული ოცნება”- 23%;
  • “კოალიცია ცვლილებისთვის” - 21%; 
  • “ერთიანობა - ენმ” - 16.5%; 
  • “ლელო - ძლიერი საქართველო” - 10.6%; 
  • გახარია - საქართველოსთვის” - 5.7%.

ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მომხრეა საქართველოს მოსახლეობის 55%. არჩევნების დანიშვნას ემხრობა თბილისის (63%) და პროევროპული ოპოზიციის ამომრჩეველთა (88%) უმრავლესობა. რეგიონებში ახალ საპარლამენტო არჩევნებს მხარს უჭერს ყოველი მეორე. 

ISSA-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის დამოკიდებულება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ასე გამოიყურება:

  • საქართველოს მოსახლეობაში უფრო დიდი ნაწილი (46%) ემხრობა ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის უპირობო მონაწილეობას. ბოიკოტს ემხრობა დაახლოებით მეხუთედი - 22%, ხოლო 16% - ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის შესვლას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დათქმით. იგივე ტენდენციაა რეგიონებში.
  • თბილისის მოსახლეობაში ოპოზიციის მხრიდან ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს ან მასში მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დათქმით მონაწილეობას უფრო მეტი უჭერს მხარს (47%), ვიდრე უპირობო მონაწილეობას (41%).
  • პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლებში უფრო დიდი წილი (43%) ოპოზიციის მხრიდან ადგილობირვი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის მომხრეა, ხოლო 26% - დათქმით მონაწილეობის. უპირობო მონაწილეობას 20% ემხრობა.

კვლევა ეხება ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩევლების მონაწილეობის მზაობასაც:

  • ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მაღალი მზაობა (ქულა 10) აქვს საქართველოს მოსახლეობის 48%-ს. არჩევნებში მონაწილეობის კიდევ უფრო მაღალი მზაობა აქვთ რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩევლებს (52%) და “ქართული ოცნების” ამომრჩევლებს (69%).
  • თბილისელების 40%-ს აქვს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მაღალი მოტივაცია, ხოლო პროევროპული ოპოზიციის ამომრჩეველთა შორის ასეთია მხოლოდ 34%. შესაბამისად, ამ ორ ჯგუფში ყველაზე მაღალია არჩევნებში გადაწყვეტილად არმონაწილეთა (ქულა 0) მაჩვენებლები (თბილისი - 18%; პროდასავლური ოპოზიციის ამომრჩევლები - 17%).
  • ოპოზიციური ძალების ამომრჩევლებს შორის, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მაღალი მზაობა ყველაზე მეტად აქვთ “გახარია - საქართველოსთვის” ამომრჩევლებს (47%), ხოლო ყველაზე ნაკლებად - “კოალიცია ცვლილებისთვის” ამომრჩევლებს (25%).

რესპონდენტებისთვის დასმულ კითხვაზე, რა მოხდება, თუ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში აღარ იქნება, ყველა ჯგუფში (“ოცნების” ამომრჩევლების გარდა) უფრო მეტი მომხრე ჰყავს მოსაზრებას, რომ თუ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში არ იქნება, მოხდება ქვეყნის წინსვლა. ამ მოსაზრებას თითქმის ყოველი მეორე (49%) იზიარებს თბილისში, ხოლო პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლებში - 75%. “ოცნების” მომრჩევლებში უმრავლესობა (62%) ფიქრობს, რომ პარტიის ხელისუფლებაში არყოფნით მოხდება ქვეყნის უკუსვლა.

თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გარეშე, ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს 8 პარტია: “ახალი”, “გირჩი – მეტი თავისუფლება”, “დროა”, “ფედერალისტები”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ევროპული საქართველო”, “თავისუფლების მოედანი”. პარტიები “გახარია - საქართველოსთვის” და “ლელო - ძლიერი საქართველო” კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებენ.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) სოციოლოგიური კვლევა 2025 წლის ივნისში ჩაატარა. ორგანიზაციამ პირისპირ ინტერვიუს გზით 2000 რესპონდენტი გამოკითხა - სამიზნე ჯგუფს საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობა წარმოადგენდა. შერჩევის ცდომილება იყო ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით, გამოპასუხების წილი კი - 71%. კვლევის დონორია სამოქალაქო საზოგადოების ფონდი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.