საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ჩერდება ყველა სატელევიზიო გადაცემა, გარდა საინფორმაციო გამოშვებისა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ამის შესახებ ინფორმაციას მაუწყებლის თანამშრომლები ავრცელებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
გადაცემა „სათქმელის“ წამყვანი ირინა ყურუა ამბობს, რომ გადაცემების გაჩერების საბოლოო გადაწყვეტილება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, ვლადიმერ ტატიშვილმა მიიღო და ეს დღეს, პირისპირ შეხვედრისას დაუდასტურა.
„ხუთშაბათს, 21:00-ზე ვეღარ შეგხვდებით აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში. ბოდიშს გიხდით, რომ უკვე ვერ შემოგთავაზებთ განსხვავებულ მოსაზრებებს, კრიტიკულ აზრს, საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ადამიანების ანალიზს.
ბოდიში, რომ კონსტიტუციის დაცვის საშუალება ამჯერად არ მეძლევა.
ბოდიში, რომ ვეღარ ვიცავ კანონს „მაუწყებლობის შესახებ“ და ვეღარ ვასრულებ ვალდებულებებს, რომელიც პირველ რიგში, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს.
ბოდიში, რომ ამ კვირის ხუთშაბათს პირდაპირი ეთერიდან უკვე ვერ გეტყვით, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომ მიუღებელია ძალადობა მედიაზე, საკუთარ მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე.
ვფიქრობ, რომ ახლა როგორც არასდროს, უნდა მოვიკრიბოთ პროფესიონალიზმი და საზოგადოებას კი არ დავემალოთ, არამედ, ყველა გადაცემიდან ველაპარაკოთ სიმართლეზე და რისკებზე“, - წერს ირინა ყურუა სოციალურ ქსელ Facebook-ში.
ეთერში აღარ გავა პოლიტიკური თოქ-შოუ „თავისუფალი სივრცეც“. როგორც გადაცემის წამყვანმა ვახო ხუზმიაშვილმა გვითხრა, პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელმა დღეს აცნობა, რომ გადაცემა ერთი კვირა იქნება გაჩერებული. „თავისუფალი სივრცე“ პირდაპირ ეთერში თბილისიდან, ორშაბათსა და ოთხშაბათს გადიოდა.
გადაცემის „zoom განათლებაზე“ გუნდი ამობობს, რომ მაუწყებლის დირექტორისგან მათი გადაცემის გაჩერების გადაწყვეტილების დამაჯერებელი და ლოგიკური არგუმენტები ვერ მოისმინეს.
„ჩვენი გადაცემის ეთერი ყოველთვის ღია იყო განსხვავებული და კრიტიკული დისკუსიებისთვის, თუმცა ამჯერად ეს შესაძლებლობა ჩვენი სურვილის მიუხედავდ ვერ მოგეცემათ.
განათლების საკითხების გაშუქება და ევროინტეგრაციის ხელშეწყობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი პრიორიტეტია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი კი ჩვენი საერთო სიკეთე. ბრძოლა გრძელდება“, - ნათქვამია გადაცემის გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
29 ნოემბერს აჭარის ტელევიზიასთან აქცია გამართეს მოქალაქეებმა, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებიც არჩევნების გაყალბებას და „ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები პირდაპირ სატელევიზიო ეთერს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურად გაშუქებას ითხოვდნენ.
მანამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 100-ზე მეტმა თანამშრომელმა (სია განახლებადია) ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომლითაც ისინი ემიჯნებიან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას და ხაზს უსვამენ, რომ საქმიანობა ახლა, ისე როგორც არასდროს, პარტიული გავლენებისგან დამოუკიდებელი და საზოგადოებრივი უნდა იყოს.
30 ნოემბრიდან აქციები მიმდინარეობს თბილისში, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის შენობასთანაც. აქციის მონაწილეების მოთხოვნებია - გადადგნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე, ეთერი დაეთმოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ხალხს.