საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი ჩაიშალა. კონკურსში თავდაპირველად ხუთი კანდიდატი მონაწილეობდა, მათ შორის, მოქმედი დირექტორი გიორგი კოხრეიძე, რომელმაც კენჭისყრის დღეს კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ვახერხებ გასაუბრებაზე მოსვლას და პრეზენტაციის წარდგენას, ხოლო პრეზენტაციის გარეშე კენჭისყრაში ჩემი მონაწილეობა გარკვეულ უხერხულობას ქმნის როგორც მრჩეველთა საბჭოს წევრების, ასევე, სხვა კონკურსანტების მიმართ. ამდენად, ვხსნი ჩემს კანდიდატურას მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში“, - წერს კოხრეიძე 30 სექტემბრით დათარიღებულ განცხადებაში.
მრჩველთა საბჭოს წევრმა თამილა დოლიძემ, რომელიც საბჭოში „ქართული ოცნების“ კვოტით არის არჩეული, განაცხადა, რომ მხარს მხოლოდ გიორგი კოხრეიძეს დაუჭერდა.
„მე იმ კანდიდატებში, ვისაც ჩვენ ორი დღის განმავლობაში გავესაუბრეთ, გამოკვეთილი ლიდერი ვერ დავინახე. ვიცი ჩვენი თანამშრომლების განწყობა და რა თქმა უნდა, ესეც უნდა აისახოს იმ გადაწყვეტილებაში, რომელსაც პირადად მე მივიღებ. შემიძლია მხოლოდ ერთი ხმა დავაფიქსირო. შემდეგ სალაპარაკო რომ არ იყოს, არცერთ კანდიდატს არ ვაძლევ ხმას და მინდა, რომ ეს საჯაროდ იცოდეთ ყველამ“, - განაცხადა დოლიძემ. მას მრჩეველთა საბჭოში „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეული მეორე წევრი სოსო სტურუაც დაეთანხმა.
სხვა კანდიდატებმა - აკაკი ბერიძემ, დავით ჩხარტიშვილმა, ირაკლი გიორგაძემ და ნათია თავდგირიძემ მრჩეველთა საბჭოს წევრების უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მიიღეს.
მრჩეველთა საბჭო 5 წევრისგან შედგება და დირექტორის ასარჩევად სულ მცირე 3 ხმაა საჭირო.
მრჩეველთა საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც 5 ოქტომბერს დაინიშნა, კონკურსის განმეორებით გამოცხადებაზე იმსჯელებენ.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს მრჩეველთა საბჭო ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით.
გიორგი კოხრეიძე აჭარის ტელევიზიას 2019 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობს, მას შემდეგ, რაც მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა და უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. კაპანაძის მმართველობის პერიოდში აჭარის ტელევიზიას გამორჩეულად დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა ჰქონდა და ხელისუფლების საქმიანობას კრიტიკულად აშუქებდა.
კაპანაძემ მისი გათავისუფლების შემდეგ სასამართლოს მიმართა. ის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებას, განაცდური ხელფასის ანაზღაურებას და თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ კაპანაძის საქმის განხილვა სარჩელის შეტანიდან თითქმის 2 წლის შემდეგ დაიწყო, გადაწყვეტილება კი სამი წლის თავზე გამოაცხადა. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნათია კაპანაძის მოთხოვნები. დავა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.
