ადვოკატის თქმით, ნინო დათაშვილთან, ციხეში, სამხარაულის ექსპერტები „შეაპარეს“

სამოქალაქო აქტივისტი, პატიმრობაში მყოფი ნინო დათაშვილი და მისი უფლებების დამცველი, თამარ გაბოძე აცხადებენ, რომ გუშინ, 6 აგვისტოს, რუსთავის N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები, მათ შორის, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი, დავით მაღრაძე „შეაპარეს“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„გუშინ, ჩუმად, სამხარაულის ექსპერტები შეაპარეს, რათა ექსპერტიზაზე მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა არ მომხდარიყო“, - განაცხადა თამარ გაბოძემ დღეს, 7 აგვისტოს სასამართლო პროცესზე, სადაც ნინო დათაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადახედვის საკითხი განიხილება.

ადვოკატის თქმით, სასამართლოს განჩინების მიხედვთ, ნინო დათაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა სტაციონარში უნდა ჩასტარებოდა.

„სჩადიან სამსახურებრივ სიყალბეს. შეცდომაში შეიყვანეს ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და მიუთითეს, თითქოს, ამბულატორიული ექსპერტიზა იყო დანიშნული იმ დროს, როცა დანიშნული იყო სტაციონარული ექსპერტიზა და ორი ინსტანცია მიდიოდა ამაზე დავა. ნინოს მოტყუებით ჩაუტარეს გასაუბრება, რომ თავი დაეძვრინათ ამ ბოროტებისგან“, - განაცხადა გაბოძემ.

ადვოკატის თქმით, ექსპერტიზა ისე ჩატარდა, რომ ამის შესახებ ნინო დათაშვილის უფლებადამცველებისთვის არ უცნობებიათ.

„თვითონაც მიხვდნენ და საზოგადოებამ, მათ შორის ექსპერტებმა გააგებინეს, რომ არ შეიძლება, რომ ხერხემლის ოპერაციისა და ხერხემლის ტკივილის გამო, დადგეს შერაცხადობის საკითხი. [...]  ამით დასტურდება, რომ დაცვის მხარე მართალი იყო“, - აღნიშნა თამარ გაბოძემ.

2 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნინო დათაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას ეხებოდა.

ბრალდების მხარემ ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვა 2019 წლით დათარიღებული „ფორმა 100“-ის საფუძველზე, სადაც ნინო დათაშვილის დიაგნოზის თანმხლებ დაავადებად ფსიქო-ემოციური ლაბილობა, ანუ ემოციის და განწყობის სწრაფი მონაცვლეობაა მითითებული. მაშინ ადვოკატმა თამარ გაბოძემ განმარტა, რომ ნინო დათაშვილს, შემოწმების მიზნით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20 დღე უნდა გაეტარებინა, ხოლო თუ შემოწმებაზე უარს იტყოდა, სასამართლოს განჩინება პროკურატურას აძლევდა უფლებას, „იძულების პროპორციული ზომები“ გამოეყენებინა.

დაცვის მხარემ მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით „ფორმა100“, რის საფუძველზეც ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, ნაკლოვანია და ეს საკმარისი საფუძველია განჩინების გასაუქმებლად.

სამოქალაქო აქტივისტი და პედაგოგი ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ინიციდენტის გამო დააკავეს. ის სინდისის 8 პატიმრის სასამართლოს სხდომის დარბაზის წინიდგა, როდესაც მანდატურებმა მოსთხოვეს, აღნიშნული ადგილი დაეტოვებინა და ფიზიკურად სცადეს მისი გაყვანა. ნინო დათაშვილმა მათ უთხრა, რომ მისთვის ხელი არ ეხლოთ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმაქალს მკერდის არეში ორივე ხელი ჩაავლო და უხეში ფიზიკური ძალის გამოყენებით სცადა მისი გაყვანა. ნინო დათაშვილმა სწორედ ამ მანდატურს სახეში სილა გაარტყა, რის შემდეგ მანდატურმა მისი თავი მკლავებში მოიქცია, ყელზე წაუჭირა და ასე ცდილობდა მის გარეთ გაძევებას. სასამართლოს შენობის კორიდორში ქალი დავარდა. ის წამოაყენეს. ნინო დათაშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მანდატურებმა ისევ უხეში ფიზიკური ძალის გამოყენებით გარეთ გააძევეს.

პროკურატურა ნინო დათაშვილს სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავება, რაც სასჯელის სახით ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.