გიორგი გახარიას შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უცნობი პირები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც დახვდნენ და კვერცხები ესროლეს. ზურაბიშვილი გამთენიისას დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 3 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 კომისარი ო’ფლაერტი: მზია ამაღლობელის პატიმრობის გაგრძელება გაუმართლებელია
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
„გენეტიკაში გაქვთ მოღალატეობა?“ - ამბობს ერთ-ერთი ქალი ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალაში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ვიდეოში ასევე ისმის მამაკაცების გინება და ჩანს, როგორ ხვდება ზურაბიშვილს კვერცხები, მათ შორის, თავის არეში.
სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დილითვე გამოეხმაურნენ არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატები. „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა მომხდარს „ქართული საზოგადოების რეაქცია“ უწოდა.
„არ მესმის, რა უკვირს ახლა ზურაბიშვილს? [...] არ ვეუბნებოდით, რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა, რადგან საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა?! აბა, რა ჰგონია ახლა? როცა იქ ზიხარ დაცვასტან ერთად, შეყუჟული რომ ხარ ადმინისტრაციაში და იცი, იქ პასუხს ვერავინ მოგთხოვს, ეს დრო ხომ გაგივა?“, - თქვა მაჭარაშვილმა.
წინა დღეს, 17 თებერვალს, თბილისის აეროპორტში გერმანიიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიასა და მის თანაგუნდელს, გერმანიაში საქართველოს ყოფილ ელჩს, ელგუჯა ხოკრიშვილს დახვდნენ და კვერცხები ესროლეს. პარტიაში „საქართველოსთვის“ განაცხადეს, რომ გახარიას „ზონდერჯგუფი“ ბიძინა ივანიშვილის დავალებით დახვდა, რასაც „აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო ადგილზე მყოფმა, ასევე წინასწარ გაფრთხილებულმა პოლიციამ“.
მოგვიანებით პროპაგანდისტული „პოს ტვ-ის“ წამყვანმა ნათია ბერიძემ Facebook-ში სალომე ზურაბიშვილი მონიშნა და დაწერა: „ახლა შენი ჯერია, დაო. რომ ჩამოხვალ, საწვიმარი ჩაიცვი, თორემ კვერცხის სუნი შეგაწუხებს მერე დიდხანს“.
სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა აღარ იცავს. ორი თვის წინ „ქართული ოცნების“ პარლამენტმა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო და ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს სახელმწიფო დაცვა უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში უნარჩუნდებოდა, გააუქმა.
„ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უფლებამოსილებას 2024 წლის 29 დეკემბრიდან ასრულებს, თუმცა, სალომე ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ ის არის საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი და მისი „მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი“, რომელიც მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს.
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებს.
