აქციაზე ნიღბიანების მიერ ნაცემ და დაკავებულ ჟურნალისტს შსს სასამართლოში უჩივის

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ფოტო © აპრილი მედია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტისა და ფოტორეპორტიორის, ალექსანდრე ქეშელაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. შსს ნიღბიანი პირების მიერ ნაცემ ჟურნალისტს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ალექსანდრე ქეშელაშვილს 29 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დაშლისას სცემეს, რის შემდეგაც ის უკანონოდ დააკავეს. მის წინააღმდეგ შსს-მ ადმინისტრაციული საქმისწარმოება ორთვე-ნახევრის შემდეგ დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 25 თებერვალს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.

„პირველივე დღეს, რუსთაველის გამზირზე, ჭიჭინაძის ქუჩის დასაწყისში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაც კი არ იყო გამოყვანილი, შემომეხვივნენ გარს და  სრულიად აბსურდულ სიტუაციაში - ჩვეულებრივ, მედიის გვერდით ვიდექი, ბევრ სხვა ჟურნალისტთან ერთად - დამაკავეს, მაგრამ დაკავებამდე მცემეს. რამდენიმეწუთიანი ცემის შემდეგ ახსენა ვიღაცამ, ეს დააკავეთო და ამის შემდგომ გადამცეს საპატრულო პოლიციას. გადამიყვანეს განყოფილებაში, სადაც ორი საათის შემდეგ შემიდგინეს გაყალბებული ოქმი, თითქოს, ხმამაღლა ვიგინებოდი. რა თქმა უნდა, ხელის მოწერაზე უარი ვთქვი, რადგან მე ჩემს პროფესიულ საქმიანობას ვასრულებდი, აქციაზე ვიყავი კამერებით“, - განაცხადა ალექსანდრე ქეშელაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ნიღბიანმა პირებმა გარდა იმისა, რომ სცემეს, გაძარცვეს კიდეც, რაც დღემდე არ არის გამოძიებული.

„ერთადერთი, ალბათ, უნდა ვკითხო [შსს-ს], რა უყვეს ჩემს კამერებს, სადმე ხომ არ დაალომბარდეს, რადგან დღემდე გამქრალია.

იმედი მაქვს, ასევე, რომ ჩემი გატეხილი ცხვირით ვინმეს ხელი არ ვატკინე და უარეს შედეგს არ მივიღებ.

არ ველი სამართლიანობას, რადგან აქამდე გამოძიებული უნდა ყოფილიყო, პირიქით, ჩემზე ძალადობის და უფლებამოსილების გადამეტების საქმე“, - აღნიშნა ალექსანდრე ქეშელაშვილმა.

ჟურნალისტი მის წინააღმდეგ დაწყებულ საქმისწარმოებას დაშინების და მედიის შეზღუდვის მცდელობად აფასებს: „ვფიქრობ, ეს სხდება იმის გამო, რომ მათ თავისუფლად გააგრძელონ იმის კეთება, რაც უნდათ, მათ შორის, დანაშაულებრვი საქმიანობა, იძალადონ მოქალაქეებზე ისე, რომ მედიამ ეს არ გააშუქოს და არ მიიტანოს საზოგადოებამდე“.

დაკავებიდან რამდენიმე საათში, ალექსანდრე ქეშელაშვილი ხელწერილით გაათავისუფლეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას ცხვირზე ქირურგიული ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.

ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ოპერატორ სერგი ბარამიძეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. შსს კრიტიკული ტელეკომპანიის თანამშრომელს 19 ნოემბრის აქციაზე, სადაც ის ძალის გამოყენებით დააკავეს, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. მოსამართლე მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებით, წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდა, ხოლო დაუმორჩილებლობის ნაწილში - ოპერატორი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ძალადობის, ისევე როგორც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტების გამოძიება ევალება, ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთი თანამშრომელი არ მიუცია პასუხისგებაში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.