თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქების დროს ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 3 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
„სისხლნაჟღენთები ჰქონდა საფეთქლის არეში. ვერ გეტყვით, რისგან ჰქონდა მიყენებული“, - განაცხადა სასწრაფოს ექიმმა ჟურნალისტის კლინიკაში მიყვანის შემდეგ.
მოგვიანებით კლინიკის ექიმმა განმარტა, რომ მარიამ გაფრინდაშვილს მარჯვენა შუბლის არეში ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა, რომელიც დაუმუშავეს და გაუკერეს. მას „მაღალტექნოლოგიური, რადიოლოგიური კვლევები“ უტარდება.
„იგი უჩივის მსუბუქ თავბრუსხვევას, თავის ტკივილს. მსუბუქი ტვინის შერყევის კლინიკაა. ითხოვს სახლში გაწერას. ვფიქრობთ, უმჯობესია, რომ მეთვალყურეობის მიზნით დარჩეს კლინიკაში. თუ თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე დაზიანება არ იქნება, 24 საათის შემდეგ შეუძლია დატოვოს კლინიკა“, - განაცხადა ექიმმა.
მეორე დღეა პარლამენტთან აქცია იმართება. ათასობით მოქალაქე აპროტესტებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლის ბოლომდე შეჩერების შესახებ.
პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდულად დაპირისპირება ხდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო, გუშინდელის მსგავსად, დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლს და სხვა სპეციალურ საშუალებებს იყენებს. შსს-ს წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს აგინებენ და ფიზიკურად უსწორდებიან. არიან დაკავებულებიც, თუმცა მათი რიცხვი ამ დროისთვის უცნობია.
აქციაზე დაშავდა „ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი და სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე საბა ბრაჭველი. როგორც ის ამბობს, სპეცრაზმის მიერ გასროლილი რეზინის ტყვია მოხვდა. მას დაზიანება თვალთან აქვს.
„სპეცრაზმიდან მიმიმუმ 100 მეტრის დაშორებით, დამიმიზნეს და ტყვია მომარტყეს. მადლობა რეფლექსებს, რომ თვალზე ყველაფერი წესრიგშია, წარბს და ლოყას რა უშავს. როცა მესროლეს და მე თვალები დამეხუჭა და ჩავიკეცე, ამ დროს გდდ-ს სპეცრაზმიდან გამოვარდნილა ერთი რობოკოპი ჩემს გასათრევად. ანუ მარტო ტყვიის სროლა და დაზიანება კი არა, წაყვანაც უნდოდათ“, - დაწერა ბრაჭველმა სოციალურ ქსელ Facebook-ში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აქციის წევრები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს, მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, პიროტექნიკას, რის შედეგადაც სამინისტროს ორი თანამშრომელი დაშავდა.
„სამართალდამცველებმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები“, - განაცხადეს შსს-ში.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შსს-ს დანაყოფებს მიმართა, მოქალაქეებზე ხელი არ აწიონ. მისი თქმით, არაფერი ხდება არც რუსთაველზე, არც სხვა ქალაქებში ისეთ, რაც მათ ჩართულობას და დარბევას მოითხოვს.
„პასუხისმგებლობა არის მხოლოდ თქვენი და თქვენი უფროსების. იმათმაც ამაზე იფიქრონ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.