პროევროპული აქციების პერიოდში დაკავებული ადამიანების 60%-ზე მეტი აცხადებს, რომ პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 4 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, 28 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით, ომბუდსმენის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში სულ 362 პირი მოინახულეს. მათგან 227, ანუ დაახლოებით 62%, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა, ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა 158 პირს (დაკავებულთა 43%-ს).
არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ცხელი ხაზის მეშვეობით ადმინისტრაციული წესით 450-ზე მეტი პირის დაკავების თაობაზე მიიღეს ინფორმაცია და მათი უმრავლესობა, 300-მდე მოქალაქე (66%), წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების მსხვერპლია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „საქართველოს ევროპული ორბიტისა“ და „კანონის უზენაესობის ცენტრის“ შეფასებით, მშვიდობიანი მანიფესტაციების ჩასახშობად შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული მანიფესტანტების დაშლის ბრუტალური მეთოდები და წამების სისტემა.
„საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სპეცრაზმელები დაკავებულებს, დაკავების პროცესში, ფიზიკურად უსწორდებოდნენ, შეჰყავდათ ისინი სპეცრაზმის კორდონში, სადაც სცემდნენ და გადაჰყავდათ ე.წ. მინივენებში.
„დაკავების სპეციალურ ავტომანქანებში შიდა სივრცე ისე იყო წინასწარ მოწყობილი, რომ დაკავებულთა ცემა გაადვილებულიყო. მინივენებში პერიოდულად, მონაცვლეობით შედიოდნენ სპეცრაზმელთა ჯგუფები და ფიზიკურად უსწორდებოდნენ იქ მოთავსებულ დაკავებულებს. დაკავებულების ჩვენებით ირკვევა, რომ მათ მიმართ ფიზიკურ ძალადობას, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობასა და წამებას ზედამხედველობდა ერთი პირი, რომელიც იძლეოდა მითითებებს - სად, როგორ და რა ინტენსივობით უნდა ეცემათ დაკავებულები. დაკავებულებს განსაკუთრებით გამეტებით ურტყამდნენ სახის, კეფის, თვალ-ბუდეების, ნეკნების, თირკმელების არეში.
ცემასთან ერთად, სპეცრაზმელები ძარცვავდნენ დაკავებულებს - ართმევდნენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, მობილურ ტელეფონს, ჩანთას, საფულეს, სათვალეს, ჯვარს და სხვა პირად ნივთებს.
ცნობილია შემთხვევა, როდესაც მინივენში, სადაც დაკავებულებს სცემდნენ, სპეცრაზმელებმა შეაგდეს გაზის კაფსულა, შემდეგ კი კარი დახურეს. ცნობილი ხდება ასევე ისეთი შემთხვევები, როდესაც გაძარცვულ და ნაცემ დაკავებულებს ასხამდნენ ცივ წყალს. ასევე, ნაცემ დაკავებულებს სისხლის მოსაწმენდად აწვდიდნენ, მაგალითად, წინდებს.
დაკავებულებს აგინებდნენ, აყენებდნენ შეურაცხყოფას, ემუქრებოდნენ მოკვლით, გაუპატიურებით, სხეულის ნაწილების მოტეხვით. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავების შემდეგ სამართალდამცველებმა ლისის ტერიტორიაზე წაიყვანეს, სადაც ადგილზე მოკვლით და დამარხვით ემუქრებოდნენ.
ნაცემი დაკავებულებისთვის ცდილობდნენ ღირსების შელახვას: უღებდნენ ფოტოებს და ვიდეოებს, რომელზეც ასახავდნენ მათი დაცინვის, დამცირების ფაქტებს და აიძულებდნენ ეთქვათ საკუთარი თავის მიმართ დამამცირებელი ფრაზები. რიგ შემთხვევაში, ნაცემ დაკავებულებს ვიდეოებს პირადად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი უღებდა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისივე თქმით, სპეცრაზმი ნაცემ დაკავებულებს გადასცემდა საპატრულო პოლიციას და მიუხედავად იმისა, რომ მათ ფიზიკური ანგარიშსწორების კვალი ეტყობოდათ, დროულ და ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას არ უწევდნენ, არ აძლევდნენ ადვოკატთან დარეკვის უფლებას.