„ქართული ოცნების“ პარლამენტი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად მორიგ საკონონმდებლო ცვლილებებს მიიღებს. როგორც ე.წ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, 60 დღემდე გაიზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა და მძიმე დანაშაულის კატეგორიაში გადავა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 4 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 5 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 6 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
„ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ:
-
მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე დახურულ სივრცეში/შენობებში აქციების ჩატარება აიკრძალება;
-
წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და მათი შეურცხყოფისათვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისათვის ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის ჯარიმები გაიზრდება. 15-დან 60 დღემდე გაიზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა;
-
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც „ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება“;
-
ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდებისთვის, რაც აქამდე ჯარიმით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ისჯებოდა, განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით;
-
გაიზრდება სისხლისამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისთვის. „ეს გადავა მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში - 5 წლიდან 6 წლამდე [პატიმრობა] ამ კონკრეტულ შემთხვევაში“, - განაცხადა მდინარაძემ;
-
გაიზრდება სასჯელი პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისთვის;
-
სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარა.
„ჩვენ გვაქვს მოცემულობა დღეს, როდესაც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ოთხი ასეული ადამიანისგან შემდგარი, უცხო ძალების ორგანიზებით კარგად გაწვრთნილი აგენტურული ბირთვი უხეშად არღვევს ოთხი მილიონი ადამიანის, ამ ქვეყნის მოქალაქეების უფლებებს. სწორედ ამ ანომალიის გამოსასწორებლად ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ ქვეყნის არაეფექტური მართვისკენ მიმართული კანონები შეიცვალოს ისეთი ნორმებით, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს ქვეყნის მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
68-ე დღეა, საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით. „ქართული ოცნება“ მოქალაქეთა პროტესტის ჩახშობას რეპრესიული კანონების მიღებითა და საპოლიციო ძალების გამოყენებით ცდილობს.
