თბილისში, პარლამენტთან, საპროტესტო აქციის დარბევის დროს არაერთი ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. ისინი სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიასა და მუშაობაში მიზანმიმართულ ხელშეშლაზე მიუთითებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 3 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 4 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
- 5 სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა
- 6 საკადრო ცვლილებები შსს-ში - ხარაზიშვილი გაათავისუფლეს, კუპატაძე და სირაძე ჩამოაქვეითეს
„პუბლიკას“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს უკანონოდ დააკავეს და სცემეს.
„ლექსო გამოვიდა ხაზზე. ამბობს, რომ სავარაუდოდ ცხვირი აქვს გატეხილი და თავზეც აქვს დაზიანებები. ახლა გადაჰყავთ კლინიკაში. წაართვეს კამერა“, - წერს სოციალურ ქსელში „პუბლიკას“ რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი.
დაშავებულებს შორის არიან ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი ანა მდივანი და ოპერატორი ნიკო კოკაია. „ტვ პირველის“ ცნობით, ოპერატორს ხელში კამერა ეჭირა და მოვლენებს პირდაპირ ეთერში გადასცემდა, როდესაც სპეცრაზმელმა დამიზნებით, სახეში ე.წ. წიწაკის სპრეი შეასხა.
ანა მდივანი წყლის ჭავლით დაშავდა.
„20 წუთია სასწრაფო დახმარების მანქანაში ვარ და ძლივს გამოვიხედე თვალებიდან. ვერ ვსუნთქავდი და მეწვის ყველა ადგილი, სადაც წყალი მომხვდა“, - განაცხადა ჟურნალისტმა. ის დარწმუნებულია, რომ წყალში გარკვეული ქიმიური ნივთიერება იყო გარეული.
ტელეკომპანიის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამიზნე გახდნენ ოპერატორები დავით ბიჭიკაშვილი და გიორგი შეწირული. ეს უკანასკნელი, „ტვ პირველის“ თანახმად, მოქალაქეებზე ძალადობის კადრებს იღებდა, რა დროსაც სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა იმ დროს, როდესაც ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია რესპონდენტთან ინტერვიუს წერდა და პირდაპირ ეთერში იყო.
ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, აქციის დარბევის დროს ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი და ოპერატორი გიორგი გოგინაშვილი დაშავდნენ. მათ სავარაუდოდ ე.წ. წიწაკის სპრეი შეასხეს.
აქციაზე დაშავდნენ გამოცემა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი გივი ავალიანი და OC მედიას ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძეც.
„მედიაჩეკერის“ ცნობით, პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პროექტ 64-ის“ რედაქტორ გიორგი გოგუას.
სპეცრაზმელებმა წააქციეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და თავი გაუტეხეს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტს გურამ როგავას.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აღნიშნავს, რომ ჟურნალისტების მიზანმიმართული დაზიანების ფაქტების მასშტაბი მიუთითებს არა მარტო მათ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზანზე, არამედ საპოლიციო ძალების ინტერესზე, არ გაშუქდეს აქციის ძალადობრივი დარბევა.
ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მან პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ გვერდში უდგას ქართული მედიის წარმომადგენლებს, რომელთა მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ და თავს ესხმიან თავიანთი სამუშაოს შესრულებისა და უწყვეტად გაშუქების დროს.
