ლიბერალთა და დემოკრატთა ევროპულმა ალიანსმა (ALDE) სტოკჰოლმში გამართულ კონგრესზე საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
რეზოლუციაში სინანულია გამოხატული საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლებასთან დაკავშირებით, ასევე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ რუსული ავიაკომპანიებისთვის ფრენების ნებართვების მინიჭების გამო.
ALDE-ს წევრები ასევე წუხან, რომ ქართველი ოფიციალური პირები დასავლეთსა და ევროკავშირს საქართველოს ომში ჩათრევის სურვილში ადანაშაულებენ. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ეს ძირს უთხრის ევროკავშირის იმიჯს და ავრცელებს დეზინფორმაციას, რომელიც მხოლოდ რუსეთის მთავრობას აწყობს.
რეზოლუციის ტექსტში მოხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრების საქართველოს საზღვრებში შემოშვების საკითხიც. ALDE მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის პოზიციაა რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავება, რის გამოც სინანულს გამოხატავენ.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ALDE საქართველოს მთავრობას და მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს:
- შეუერთდეს ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს საავიაციო სექტორში და ფხიზლად იყოს ამ სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლო მცდელობებთან დაკავშირებით;
- შეწყვიტოს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შეუსრულებლობითა და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის შენარჩუნებით;
- შეწყვიტოს ფლირტი რუსეთის მთავრობასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების აქტიურად გაღრმავების გზით;
- შეწყვიტოს ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაციული კამპანიები;
- შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და გაათავისუფლოს ლაზარე გრიგორიადისი, ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი.
რეზოლუციის ავტორები ადასტურებენ, რომ ურყევად უჭერენ მხარეს საქართველოს ამბიციებს, გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი, ასევე, მისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც 12 რეკომენდაციას შეასრულებს.
ლიბერალთა და დემოკრატთა ევროპული ალიანსი მთელს ევროპაში 60 პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს. საქართველოდან მისი წევრები არიან „ლელო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“. ALDE 68 დეპუტატით არის წარმოდგენილი ევროკავშირის 705-წევრიან პარლამენტში.
