ალიევმა და ლუკაშენკომ ყაველაშვილს საქართველოს „პრეზიდენტად არჩევა“ მიულოცეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა პირველი მილოცვები აზერბაიჯანის და ბელარუსის პრეზიდენტებისგან მიიღო.  

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

 ილჰამ ალიევი მიხეილ ყაველაშვილს „გულითადად ულოცავს“ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე „არჩევას“.

„აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები ნაკარნახევია ჩვენი ხალხების ნებით, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობდნენ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პირობებში და ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც აგებულია მყარ საფუძველზე და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე, დღეს სრულყოფილად და წარმატებით ვითარდება.

მჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მიმართულია ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებისა და გაფართოებისკენ, ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ, ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მისი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს მომავალ საპასუხისმგებლო საქმიანობაში, მეგობარი საქართველოს ხალხის კეთილდღეობისთვის“, - ნათქვამია ალიევის მიერ ყაველშვილისთვის გაგზავნილ წერილში.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თავის მილოცვაში ყურადღება ბელარუსსა და საქართველოს შორის „კონსტრუქციული თანამშრომლობის“ აღდგენაზე გაამახვილა. 

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი და კონსტრუქციული თანამშრომლობის აღდგენა ხელს შეუწყობს ბელარუსსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას. გისურვებთ ჯანმრთელობას, თქვენი გეგმების წარმატებულ განხორციელებას და ახალ მიღწევებს მამულის საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია ლუკაშენკოს მილოცვაში. 

მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მილოცვაც მიიღო. პლატფორმა X-ზე ფაშინიანი წერს, რომ სომხეთი მოუთმენლად ელის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას ყველა დონეზე. „წარმატებებს ვუსურვებ მას ამ ძალიან მნიშვნელოვან როლში!“ - აღნიშნავს სომხეთის პრემიერი.

14 დეკემბერს, არალეგიტიმურ პარლამენტში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა - „ქართულმა ოცნებამ“ ამ თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილი აირჩია, რომელიც ამავე პარტიის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.

53 წლის მიხეილ ყაველაშვილი ყოფილი ფეხბურთელი, დეპუტატი და ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ წევრია. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების დროს განაცხადა, რომ ყაველაშვილს პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება „განსაკუთრებულად გამოარჩევს“. „ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ - ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება“, - აღნიშნა ივანიშვილმა. „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულ პრეზიდენტს უმაღლესი განათლება არ აქვს.

მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი. ფორმალურად სწორედ ამ დღიდან შეუწყდება უფლებამოსილება ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ამბობს, რომ ის ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება და მისი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ მის შემცვლელს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი არ აირჩევს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.