თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ელვინ ქარიმოვი სამართალდამრღვევად ცნო და 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სპეცრაზმელებმა ქარიმოვი პროევროპულ აქციაზე, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩაზე, 3 დეკემბერს დააკავეს და მისი მეგობრების თქმით, ფიზიკური ანგარიშსწორების დროს, ეთნიკურ ნიადაგზე შეურაცხყოფაც მიაყენეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში - ზურაბიშვილი
- 4 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 5 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 6 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
შინაგან საქმეთა სამინისტრო ელვინ ქარიმოვს პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. თოზუ გულმამედლი, რომელიც დაკავებას შეესწრო, ამბობს, რომ პროცესზე ჩვენების მიცემას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
„ელვინი ღამით, დაახლოებით 23:40 საათზე დააკავეს. სცემეს, თვალების ირგვლივ სისხლნაჟღენთები ეტყობა, ასეთი ნაჟღენთები მთელს ტანზე აქვს. უშუალოდ დაკავების კადრებიც გვაქვს. იმ მომენტში არაფერი მომხდარა, გაიყვანეს და მანქანაში რომ ჩასვეს, ათამდე ძალოვანმა სასტიკად სცემა. თან უყვიროდნენ, შენ ხომ აზერბაიჯანელი ხარ, წადი აზერბაიჯანში და ალიევს მოსთხოვე შენი უფლებები, შე თათაროო... მგონია იმიტომ შეუფარდეს 8 დღე, რომ ძალადობის კვალმა, ჩალურჯებებმა გაიაროს და მერე გამოუშვებენ“, - აცხადებს თოზუ გულმამედლი, აქტივისტი იორმუღანლოდან.
მისი თქმით, მოსამართლემ ცაცუამ გადაწყვეტულება მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენების საფუძველზე მიიღო.
„ორი პოლიციელი მოიყვანეს ცრუ ჩვენების მისაცემად. ამტკიცებდნენ ამოვიცანით, ქვებს და ბასრ საგნებს გვესროდაო. სინამდვილეში ელვინს მხოლოდ სასტვენი ჰქონდა, სხვა არაფერი. დაკავებისას წინააღმდეგობაც არ გაუწევია, მშვიდად გაჰყვა, მერე რამდენიმე პოლიციელი მივარდა და გაათრიეს.
ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდა და მოსამართლემ არც კი მოისმინა ჩემი ჩვენება, არ მიიღო არც ერთი შუამდგომლობა, არც ერთი მტკიცებულება“, - ამბობს თოზუ გულმამედლი. მისი ინფორმაციით, ამ დრომდე, აქციებზე აზერბაიჯანული თემიდან მხოლოდ ელვინ ქარიმოვია დაკავებული.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს. პროტესტი საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ამასთან, საქართველო ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე უარს იტყვის.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციები არაერთხელ დაარბია წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზისა და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენებით. სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით აქციის 300-ზე მეტი მონაწილეა დაკავებული. მათ უმრავლესობას საპოლიციო ძალები სასტიკად გაუსწორდნენ.