ამაღლობელის საქმის მოსამართლე ადასტურებს, რომ სისხლის სამართალის სპეციალიზაცია არ აქვს

დღეს, 18 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ჟურნალისტს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ადვოკატებმა მოსამართლე ნინო სახელაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რადგან მიიჩნევენ, რომ ის მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, გარდა ამისა, თანამდებობაზე კანონით დადგენილი წესის დარღვევითაა დანიშნული, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაა.

„თქვენ 2025 წლის 14 იანვარს ერთხელ უკვე მიიღეთ მონაწილეობა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის განხილვაში, როგორც პირველი წარდგენითი სხდომის მოსამართლემ, სადაც უკანონოდ და დაუსაბუთებლად შეუფარდეთ მზია ამაღლობელს პატიმრობა. მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის უკანონოდ შეფარდების გამო, თქვენს მიმართ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების მხრიდან გამოყენებულია სავიზო სანქცია, რაც გამოიხატება იმაში, რომ გეკრძალებათ აღნიშნულ სახელმწიფოებში შესვლა“, - განაცხადა მზია ამაღლობელის ერთ-ერთმა ადვოკატმა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა, ჯუბა ქათამაძემ.

ადვოკატის თქმით, მოსამართლე სახელაშვილს არ გააჩნია სისხლის სამართლის კვალიფიკაცია - მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული აქვს მხოლოდ სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით და სამუშაო გამოცდილებაც, 2022 წლამდე, მხოლოდ ამ კუთხით ჰქონდა.

„გაუგებარია, რა კრიტერიუმებით დაინიშნეთ 2022 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლედ.

[…] თქვენ ჩართული ხართ სახელმწიფოს მხრიდან მზია ამაღლობელის უკანონო დევნაში. თქვენს მიზანს წარმოადგენს არა მზია ამაღლობელის საქმის სამართლიანი განხილვა, არამედ თქვენ ხელთ არსებული უფლებამოსილების რეპრესიული მიზნით გამოყენება“, - აღნიშნა ადვოკატმა.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მისი აცილების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამასთან, მან დაადასტურა, რომ სისხლის სამართლის სპეციალიზაციით მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული არ აქვს, თუმცა, როგორც თქვა, მოქმედი კანონმდებლობა ამას არც ავალდებულებს.

„სასამართლოს ამ შემადგენლობას სისხლის სპეციალიზაციით ჩაბარებული არ აქვს გამოცდა, თუმცა, ვერ მიუთითებთ კანონის ვერცერთ ნორმას, სადაც მსგავსი ჩანაწერი ან მოთხოვნა არსებობს.

არცერთი ნორმა არ ავალდებულებს, რომ აუცილებლად ჩაბარებული იყოს სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და ეს დაბრკოლებას წარმოადგენდეს, რომ მოსამართლეს არ ჰქონდეს უფლებამოსილება, თუ მან ის ეტაპები გაიარა, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი სკოლა დაასრულა, შეფასებები გაიარა, მოხდა მისი დანიშვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან“, - განაცხადა მოსამართლემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ სხდომას, მზია ამაღლობელის კოლეგების გარდა, გერმანიის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და ჩეხეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროცესი 31 მარტამდე გადაიდო. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც ადვოკატებმა საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობა დააყენეს. ნინო სახელაშვილის განმარტებით, მტკიცებულებები მოცულობითია და როგორც პროკურატურას, ისე სასამართლოს დრო სჭირდება გაცნობისთვის.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მისი დაკავება ადმინისტრაციული წესით, სამმართველოს შენობის ღობეზე სტიკერის - წარწერით „იფიცება საქართველო“ - გაკვრის გამო მოხდა, ხოლო მეორედ - ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის დააკავეს და ბრალად პოლიციელზე თავდასხმა წარუდგინეს.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ საქმეს, რომელზეც გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოცხადდეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო მზია ამაღლობელს პოლიციელის შეურაცხყოფას ედავება. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ადმინისტრაციული დაკავების ოქმი გაყალბებულია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.