დღეს, 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელს, მზია ამაღლობელს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
დაცვის მხარე 100 000 ლარის ფარგლებში გირაოს სანაცვლოდ მზია ამაღლობელის გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა, მოსამართლემ არ გაითვალისწინა არც ადვოკატების არგუმენტები და არც ბრალდებულის განცხადება, რომ ის პასუხისმგებლობას არ გაურბის და ისურვებდა, „სასამართლოსთან პატიმრობის მიღმა“ ეთანამშრომლა.
„სასამართლო ნამდვილად მომეტებულად აფასებს ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის საფრთხეს“, - განაცხადა მოსამართლე სახელაშვილმა.
ნინო სახელაშვილმა 2010 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი, 2012 წელს კი ამავე უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის მაგისტრატურა დაამთავრა. 2011 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით და მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი გაიარა. 2011 წლიდან მოყოლებული ის სასამართლო სისტემაში სტაჟიორის, სხდომის მდივნის და მოსამართლის თანაშემწის პოზიციებზე მუშაობდა, 2019 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში. 2020 წელს ნინო სახელაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მთავარი კონსულტანტი იყო.
ნინო სახელაშვილის სამოსამართლეო საქმიანობა 2022 წლის აპრილიდან დაიწყო, როდესაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ დაინიშნა.
2023 წლის თებერვალში მან აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000 ლარიანი გირაო შეუფარდა და პატიმრობიდან გაათავისუფლა ბათუმის პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ბრალად მოქალაქის განზრახ უკანონო დაკავება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებოდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, უფროსმა დეტექტივმა გიორგი აბდუშელიძემ „თითქოსდა პიროვნების იდენტიფიკაციის მიზნით, უკანონოდ დააკავა და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანა მოქალაქე გ.ბ., რომელსაც ამავე განყოფილებაში, მისთვის სასურველი ინფორმაციის მოპოვების მიზნით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“. პოლიციელისთვის წარდგენილი ბრალი 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
ბათუმის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ირაკლი შავაძე აცხადებს, რომ ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის სპეციალიზაციით გამოცდა ჩაბარებული არ აქვს და მიიჩნევს, რომ უფლებამოსილი არაა სისხლის სამართლის საქმეები განიხილოს. რაც შეეხება მის დღევანდელ გადაწყვეტილებას, ირაკლი შავაძის შეფასებით, ის დაუსაბუთებელია.
„ვფიქრობ, პროკურატურას ხელოვნურად ჰქონდა ბრალი დამძიმებული, რადგან 353-ე პრიმა მუხლის შემადგენლობა არცერთ შემთხვევაში არ არის სახეზე. მზია ამაღლობელის ქმედება, ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაში, შეიძლება აბსოლუტურად ჩაჯდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დისპოზიციაში [პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან მის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება], მაგრამ თუ ვინმე იქნებოდა მიკერძოებული და მაინცდამაინც სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების სურვილი ექნებოდა, ასეთ შემთხვევაში ბრალის წარდგენა უნდა მომხდარიყო არა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, არამედ 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ ძალადობას მოიცავს, ნაკლებად მძიმე დანაშაულია და მათ შორის, სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა.
დარწმუნებული ვარ, პროკურატურამ წინასწარი განზრახვით დაამძიმა ბრალი იმისთვის, რომ შემდგომ მოსამართლეს მეტი არგუმენტი ჰქონოდა პატიმრობის გამოსაყენებლად. თუმცა, სასამართლო ვერანაირად ვერ დაასაბუთებს უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას.
მზია ამაღლობელს რა მტკიცებულებები უნდა გაენადგურებინა? არსებობს ვიდეოჩანაწერი. ე.წ. დაზარალებულად ცნობილია პოლიციის უფროსი და პოლიციელებზე მოახდენდა მზია ამაღლობელი ზეგავლენას?“, - აღნიშნავს ყოფილი მოსამართლე.
დაცვის მხარე ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.