ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ პროკურორების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
ბრალის დადგენილების მიხედვით, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს თავს დაესხა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, „შურისძიების მიზნით“. კერძოდ, „ძლიერად მოქაჩა ქურთუკზე, მისკენ მიატრიალა და სახეში დაარტყა ხელი“.
ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან არსებობდა მტკიცებულებების განადგურების, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რის აღსაკვეთად პატიმრობის გამოყენება „ერთადერთი პროპორციული აღკვეთის ღონისძიება“ იყო. დაცვის მხარე პროკურორების არგუმენტებს არ დაეთანხმა და მზია ამაღლობელის 100 000 ლარის ფარგლებში გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.
როგორც ადვოკატმა პაატა დიასამიძემ განაცხადა, პატიმრობის გამოყენების არანაირი საფუძველი არ არსებობდა. „ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა, თუ რატომ არ შეიძლებოდა გამოყენებულიყო გირაო“, - თქვა დიასამიძემ.
მოსამართლე სახელაშვილის გადაწყვეტილებას დარბაზში საპროტესტო შეძახილები - „მონებო“, „რუსებო“, „თავისუფლება მზიას“ - მოჰყვა.
ჟურნალისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი „სამაგალითოდ ისჯება“, რაც კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებას ისახავს მიზნად. „რაც იყო მოსალოდნელი ის მოხდა. ქვეყანაში სუფევს ივანიშვილის დიქტატურა. დღეს უკანონოდ დაიჭირეს მზია, ხვალ დაგვიჭერენ ნებისმიერ ჩვენგანს. მზია არის ივანიშვილის პირადი პატიმარი, სინდისის პატიმარი!“, - განაცხადა „მთის ამბები“ / „საქართველოს ამბების“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა.
„ეს არის დიქტატურის პირობებში მიმდინარე სასამართლო პროცესი. ჩვენ უნდა დავინახოთ მთლიანი სურათი, უნდა გავიაზროთ, რომ დღეს მზია ამაღლობელი იმიტომ ჩასვეს ციხეში, რომ მზია ამაღლობელია, არანაირი დანაშაული მას არ აქვს ჩადენილი.
დღეს მზია ამაღლობელს იმიტომ იჭერენ ეს პროკურორები, ეს მოსამართლეები, რომ ეს უნდა ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილი ებრძვის თავისუფალ მედიას, თავისუფალ საზოგადოებას, ებრძვის თავისუფალ მოქალაქეს. ეს არის ამოცანა“, - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს, ბათუმში დააკავეს. თავდაპირველად, მისი დაკავება აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, პლაკატის გაკვრის გამო მოხდა. დაახლოებით ორ საათში ის და კიდევ სამი ქალი აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე ხელმეორედ დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის საბაბით. სამი საათის განმავლობაში ადვოკატებს მასთან შეხვედრის უფლებას არ აძლევდნენ. სახალხო დამცველის წარმომადგენელს მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი.
„ბათუმელებმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ პოლიციელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მას თავად ბათუმის პოლიციის უფროსიც აგინებდა და ემუქრებოდა. „სისხლით... ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ... ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“, - ისმის ვიდეოში.
პროკურატურამ მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მედიამენეჯერს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება.