ამას ვერ დავარქმევდი რეპრესიებს, უფრო პრევენციებია - კობახიძე ჩხრეკებზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე გამოეხმაურა პოლიტიკური პარტიებისა და აქტივისტების ოფისებსა და სახლებში ჩატარებულ ჩხრეკებს. მისი თქმით, „ეს არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დაგეგმილი იყო სისტემური ძალადობა, რასაც, მისივე თქმით, „პირდაპირ ადასტურებს“ პიროტექნიკის გაყიდვის სტატისკა.

„1 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით ავიღეთ სტატისტიკა და შევადერეთ შარშანდელი წლის 1-27 ნოემბერს. 90%-ით არის გაზრდილი გაყიდვების მაჩვენებელი. პრაქტიკულად არის გაორმაგებული პიროტექნიკის გაყიდვები საქართველოში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი. ეს სისტემური, უხეში ძალადობა, რაც ხორციელდება, შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ იყო, რა თქმა უნდა, წინასწარ დაგეგმილი.

ასევე, დღეს ნახეთ, რომ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებები შევიდნენ პარტიულ ოფისებში, იქიდან ხდება შესაბამისი მასალების ამოღება. მეტიც, ვიდრე საერთოდ შევიდოდნენ, როცა დაიწყო შესაბამისი ოპერაცია, პირდაპირ გამოვიდა ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერი, მაგალითად, ელენე ხოშტარია და წინასწარ თქვა, რომ ისინი ყიდულობენ პიროტექნიკას და კვლავაც განაგრძობდნენ ამ პიროტექნიკის შეძენას. რეალურად, ამით ამ პოლიტიკურმა პარტიებმა პირდაპირ აღიარეს, ჯერ მანამდეც აღიარეს საჯარო განცხადებით, მაგრამ ახლა, დღეს უკვე პირდაპირ აღიარეს, რომ ამ სისტემური უხეში ძალადობის უკან დგას მთლიანად პარტიული რესურსი.

ცნობილი ჯგუფი არსებობს - „დაიტოვე“, რომელიც არის ვითომ გულწრფელი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ჯგუფი. ამ ჯგუფის ე.წ. ადმინი აღმოჩნდა სტაჟიანი „ნაციონალი“, რომელიც თავის დროზე, სააკაშვილს სტუმრობდა უკრაინაში და ა.შ. არაფერი გულწრფელობა არ არის აქ. არის მთლიანად პარტიული ინტერესები, ძალადობის გზით ხელისუფლების შეცვლის ინტერესი და ეს ყველაფერი დღეს დევს უკვე ხელისგულზე.

მე ამას ვერ დავარქმევდი რეპრესიებს, ეს არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები. ფაქტია, დასტურდება ერთი რამ - ადამიანების სისტემურად მომარაგება პიროტექნიკით და სხვა საშუალებებით ხდებოდა სწორედ შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ. ეს არის აბსოლუტურად ცხადი“, - თქვა კობახიძემ.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები საპროტესტო აქციებში ჩართული ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელ ბინებს ჩხრეკენ.

ჩხრეკა ჩატარდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებში, რა დროსაც პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია დააკავეს. ასევე დაკავებულები არიან „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები. 

დღესვე, პოლიციამ გადაუდებელი აუცილებლობით, სასამართლოს განჩინების გარეშე, გაჩხრიკა ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლის, ილია ღლონტის საცხოვრებელი ბინაც. როგორც პოლიციელებმა განმარტეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 2391-ე მუხლებით არის აღძრული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს. გაჩხრიკეს „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის, იგივე ნენსი ვოლანდის, საცხოვრებელი ბინაც, საიდანაც, მისი თქმით, პოლიციელებმა ე.წ. წიწაკის სპრეი, აირწინაღი და ტელეფონი წაიღეს.

გუშინ 3 დეკემბერს, კრიმინალურმა პოლიციამ აქტივისტ დოდი ხარხელის პირადი ჩხრეკა ჩაატარა. მას ქუჩაში, შვილის საბავშვო ბაღში დატოვების შემდეგ დახვდნენ. პარალელურად ჩხრეკა მიმდინარეობდა აქტივისტის საცხოვრებელ ბინაში. ამ შემთხვევაში შსს-მ ჩხრეკის საბაბად რამდენიმე თვის წინ, დოდი ხარხელის ყოფილი მეუღლის უჩა აბაშიძის საქმეზე დაწყებული გამოძიება დაასახელა.

პოლიტიკოსები და აქტივისტები ჩხრეკებსა და დაკავებებს დაშინების მცდელობად აფასებენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).