პარტია „ლელოს“ წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ ახალგაზრდებს, 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს თავდებში უდგება. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა განაცხადა, რომ განაჩენის გამოტანამდე მათი ციხეში ყოფნა დაუსაბუთებელია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„მინდა, გამოვეხმაურო უპრეცედენტო უსამართლობის საქმეს, რომელსაც „ქართული ოცნების“ სასამართლო აწარმოებს საქართველოს იმ ორი მოქალაქის წინააღმდეგ, ვინც ათასობით სხვა თანამოქალაქესთან ერთად, რუსული კანონისა და ხელისუფლების რუსული პოლიტიკისგან საქართველოს ევროპულ მომავალს იცავდა. მთავრობა ამ ადამიანებს უპირებს, რომ როგორც პროკურატურა ამბობს, ჯერ დამტკიცებული არ არის, 400-ლარიანი დროებითი, რკინის კონსტრუქციის დაზიანების გამო, მრავალი წლით ციხეში გაუშვას.
ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ მაშინ, როცა ამ ახალგაზრდებისთვის ბრალი არც კი დაუმტკიცებიათ, რამდენიმე თვეა, ისინი საპატიმრო დაწესებულებაში არიან. დღეს, მე, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ვაცხადებ, რომ მზად ვარ, პირადი თავდები ვიყო იმის, რომ ეს ახალგაზრდები გამოძიებას არ დაემალებიან, სასამართლოსთან ითანამშრომლებენ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
გუშინ, 24 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე, დაცვის მხარემ ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის გირაოთი გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვა. ამჯერად ადვოკატმა წარადგინა ცნობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ზიანის ანაზღაურების მიზნით 400 ლარი ჩაურიცხეს. ამის მიუხედავად, მოსამართლემ ნათია გუდაძემ ახალგარდები პატიმრობაში დატოვა.
ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი 16 მაისს დააკავეს. ბრალის დადგენილების მიხედვით, მათ 14 მაისს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის დროს როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, ლითონის ძალაყინის გამოყენებით დააზიანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ლითონის კონსტრუქციის ბარიერი, რამაც „გამოიწვია 400 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი“. აქედან ფაქტობრივი ზიანი 250 ლარს შეადგენს, ხოლო 150 ლარი ხელობის ღირებულებაა.
დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 30 აგვისტოს გაიმართება.