ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს „ლენდლორდის“ მოდელით

„ქართული ოცნების“ მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარების მოდელი შეცვალა. ივანიშვილის ხელისუფლებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, პროექტი აღარ წარიმართება ძველი მოდელით, სადაც სახელმწიფოს წილი 51%-ს შეადგენდა, ხოლო 49% კერძო ინვესტორს უნდა გადასცემოდა - მოლაპარაკებები ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან მიმდინარეობდა, თუმცა, ახალი გეგმის მიხედვით, ანაკლია სახელმწიფოს მფლობელობაში დარჩება და ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით განვითარდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, ეს მოდელი გულისხმობს, რომ სახელმწიფო რჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის ერთადერთ მესაკუთრედ. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია დასავლური, ჩინური, ყურის ქვეყნებისა და ცენტრალური აზიის კომპანიების მხრიდან პროექტის მიმართ არსებული უპრეცედენტო ინტერესით.

ახალი მიდგომა სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორთან ითანამშრომლოს. ამ პროცესში სახელმწიფო დამატებით 200 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და უზრუნველყოფს პორტამდე მისასვლელი საავტომობილო და რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოწყობას. ამასთან, კერძო ოპერატორები და საერთაშორისო ინვესტორები პასუხისმგებელნი იქნებიან საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალების მშენებლობაზე. ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პორტის წილი არ გაიყიდება - „ეს იქნება ქართული პორტი“, რომელიც პირველ გემს 2029 წელს მიიღებს.

ანაკლიის პორტის პროექტი ხანგრძლივი და რთული ისტორიით გამოირჩევა. თავდაპირველად მას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ახორციელებდა, რომელშიც შედიოდნენ „თიბისი ჰოლდინგი“ და ამერიკული კომპანია „Conti International“. 2020 წელს მთავრობამ ხელშეკრულება ცალმხრივად გააუქმა. ამ პროცესს წინ უძღოდა გამოძიება კონსორციუმის დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, რომლებსაც ფულის გათეთრებას ედავებოდნენ. მოგვიანებით სასამართლომ ბრალდება თაღლითობად გადააკვალიფიცირა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გამო მათ სასჯელი არ მოუხდიათ. თავად ბიზნესმენები მთელ ამ პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდნენ.

ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, კონსორციუმმა და ერთ-ერთმა მსხვილმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა, სახელმწიფოს წინააღმდეგ 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საარბიტრაჟო დავები წამოიწყეს. თუმცა, საბოლოოდ, საერთაშორისო არბიტრაჟებმა გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ მიიღეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.