ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს სახელმწიფოსთან ერთად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი განახორციელებს. საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ კონსორციუმი გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
ლევან დავითაშვილის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე გამოცხადებული კერძო პარტნიორის შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა ორმა პრეტენდენტმა: შვეიცარულ-ლუქსემბურგულმა კომპანიამ (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L) და ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა (China Communications Construction Company Limited (ჩინეთი), China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური), რომლებსაც 2024 წლის 20 მაისამდე ჰქონდათ ვადა ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების წარსადგენად. 20 მაისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა.
„ეს არის China Communications Construction Company Limited და China Harbour Investment, რომელსაც ჰყავს ორი მნიშვნელოვანი ქვეკონტრაქტორი – China Road and Bridge Corporation და Qingdao Port International. წინადადება არის სრულყოფილი, წარმოდგენილია შესაბამისი საბანკო გარანტიები. აქედან გამომდინარე,
უახლოეს დღეებში გვექნება დაზუსტებები, რომლის შემდეგაც ჩინურ კონსორციუმს გამოვაცხადებთ გამარჯვებულად და დავიწყებთ მოლაპარაკებებს საპარტნიორო შეთანხმების შესახებ. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, განსაკუთრებით სატრანსპორტო-ლოჯისტიკური სექტორის გასაძლიერებლად.
ამ პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ათასობით ადამიანი დასაქმდება არა მხოლოდ პორტის მშენებლობაში, არამედ მის ოპერირებაში.
როგორც ჩანს, ლუქსემბურგული კომპანიისთვის ფინანსური მოდელი დამაჯერებელი არ იყო. ეს საკმაოდ მსხვილი ინვესტიციაა და ყველა ცდილობს... და ჩვენ გვესმის, რომ იყო პირველი მცდელობა, რომელიც წარმატებით ვერ განხორციელდა, კერძო ინვესტორმა ვერ მოახერხა ინვესტიციების მობილიზება იმისათვის, რომ პორტი განვითარებულიყო. ალბათ, სწრაფი უკუგება იყო კომპანიის ამოცანა“, - თქვა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, პროექტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 600 მილიონი დოლარია. გამარჯვებული კერძო კომპანია ინვესტიციას განახორციელებს ერთობლივ საწარმოში, რომლის წილის 51% საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული კომპანიის მფლობელობაში იქნება.
„სახელმწიფო კომპანიას გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები და ის საკუთრება, რომელიც საჭიროა პორტის გასავითარებლად. გასულ წელს დაიწყო მუშაობა სამშენებლო სამუშაოების ტენდერის ტექნიკური პირობების მოსამზადებლად. ერთი თვის წინ დავასრულეთ განაცხადების მიღება. სამი განაცხადია მიღებული. ჩვენი საერთაშორისო ექსპერტები სწავლობენ განაცხადებს და აქაც რამდენიმე დღეში გვეყოლება გამარჯვებული. პირველ რიგში, საჭიროა სამობილიზაციო სამუშაოები, რადგან ეს ძალიან მსხვილი საჯარო საზღვაო ინფრასტრუქტურაა და შემდგომში დაიწყება როგორც ტალღმტეხის მშენებლობა, ისე დაღრმავების პროცესი“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
დავითაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოების ორგანიზება წელსვე დაიწყება და ყველაზე აქტიურად 2025-2026 წლებში გაგრძელდება.
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადებას წინ უსწრებდა საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღება, რაც ევროკავშირმა და საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევად და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების უგულებელყოფად შეაფასეს. გარდა ამისა, მმართველმა პარტიამ ე.წ. ოფშორების შესახებ კანონიც მიიღო, რომელიც, ოპოზიციის ვარაუდით, სანქციების მოლოდინში მყოფ ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში „შავი ფულის“ შემოსატანად სჭირდება. აშშ-ის სხელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის ახალი სავიზო პოლიტიკა მიიღო და აპირებს სანქციები დაუწესოს მათ, ვინც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეა „საქართველოში დემოკრატიის შეფერხებაზე“. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკვე დაიწყო აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების „ყოვლისმომცველი გადახედვა“.
ამ ფონზე საქართველო ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობებს ამყარებს - 28 მაისიდან ორ ქვეყანას შორი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.
მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას დასავლური კურსის შეცვლის გამო აკრიტიკებენ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის თანხლებით, თეირანში ჩავიდა, სადაც ტერორისტული ორგანიზაციების „ჰეზბოლას“, „ჰამასის“ და „თალიბანის“ ლიდერებთან, ასევე, რუსეთის დუმის თავმჯდომარესთან და სირიის პრეზიდენტთან ერთად, მონაწილება მიიღო ირანის პრეზიდენტის დაკრძალვის ღონისძიებაში. საქართველოში ისრაელის ელჩის, ჰადას მეიცადის განცხადებით, ამ ფაქტით გაკვირვებული დარჩა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ უნდა განეხორციელებინა, თუმცა საქართველოს მთავრობამ მასთან ხელშეკრულება 2020 წელს გაწყვიტა. კონსორციუმში რამდენიმე ინვესტორი კომპანია, მათ შორის, „თიბისი ჰოლდინგი“ შედიოდა. 2019 წელს გენერალურმა პროკურატურამ ჰოლდინგის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და მათ ბრალი 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის (ფულის გათეთრება) წარუდგინა. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს. სამწლიანი პროცესის შემდეგ, 2022 წლის 12 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ საქმის კვალიფიკაცია შეცვალა სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელზეც ხანდაზმულობა ვრცელდება. კერძოდ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი თაღლითობისთვის, 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მესაჯათ, თუმცა დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევენ, რომ მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შეჩერების მიზნით დაიწყო.