ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე საგარეო ურთიერთობების საკითხებში, კარლ ბილდტი საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის საბოლოოდ მიღებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ დროისთვის, საქართველოს ევროპული გზა დასრულებულია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„რუსული კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში თავისი უმრავლესობას გამოყენებით, საქართველოს ევროკავშირის გზა ამ დროისთვის დასრულებულია. ტრაგიკულია, მაგრამ სიმართლეა“, - წერს ბილდტი X-ზე.

რუსული კანონის მიღება ევროკავშირის სხვა ლიდერებმაც შეაფასეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თქვა, რომ გასული წლის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყდა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს და გაატარებს აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებს.

„პარლამენტში გამჭვირვალობის კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას. ქართველმა ხალხმა აშკარად აირჩია თავისი მომავალი ევროკავშირში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს“, - განაცხადა შარლ მიშელმა და აღნიშნა, რომ საქართველოს საკითხს ევროპული საბჭოს მომავალი სხდომის დღის წესრიგში დაამატებს.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მაგრამ ეს კანონი ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. „ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას კვლავ დაუბრუნდეს ევროკავშირის მისწრაფებებისადმი მხარდაჭერას“, - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა მიიღოს კანონი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან გადაახვევინებს. გასულ წელს ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებით შანსი მისცა. ეს იყო ისტორიული მომენტი საქართველოსთვის, რომელსაც მისმა ხალხმა მკაფიოდ დაუჭირა მხარი. სამწუხარო დღეა“, - დაწერა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ.

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მიიჩნევს, რომ „საქართველო უკეთესს იმსახურებს“. „დამოუკიდებლობის დღიდან სულ რამდენიმე დღეში ახალი კანონის მიღება წარმოადგენს დემოკრატიული ღირებულებებიდან საშიშ მოწყვეტას. ეს აშორებს ქვეყანას ევროპას. ლიეტუვა ყოველთვის მხარს დაუჭერს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს და მის მამაც ხალხს“, - თქვა ნაუსედამ.

რუსული კანონის მიღების შესახებ კომენტარი გააკეთა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმაც: „ძალიან სამწუხარო დღეა საქართველოსთვის და დანარჩენი ევროპისთვის. ამ კანონის მიღება ფაქტობრივად აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და არავის სარგებელს არ მოუტანს, თითქმის არავის“.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას თქმით, შეძრწუნებულები არიან „საქართველოს პარლამენტის არჩევანით,  არ გამოიყენოს ევროინტეგრაციისკენ წინსვლის ისტორიული შესაძლებლობა და საკუთარი ხალხი  გაფართოების მოლოდინში განუსაზღვრელი ვადით დატოვოს“

„მიუხედავად საზოგადოების წინააღმდეგობისა და საერთაშორისო მოწოდებებისა, საქართველოს მმართველმა პარტიამ მიიღო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რათა გააჩუმოს ოპოზიცია, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. თუ მმართველი პარტია არ შეცვლის თავის კურსს, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა“, - წერს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრ ესპენ ბარტ ეიდეს შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოელი აგენტების კანონზე“ ვეტოს დაძლევა ნათელი სიგნალია - ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველო შეუერთდება დამოუკიდებელი დემოკრატიების ევროპულ ოჯახს და გვერდში ვუდგავართ ქართველ ხალხს მათი ქვეყნის ევროპული მომავლის სურვილში“, - განაცხადა ნორვეგიელმა დიპლომატმა.

28 მაისს, საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და 84 ხმით საბოლოოდ დაამტკიცა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).