გაიწერება პარტიები და ინდივიდები, რომელთა პოლიტიკური საქმიანობა შესაზღუდი იქნება – პაპუაშვილი

სულ მცირე რამდენიმე ასეული ინდივიდი იქნება „ქართული ოცნების“ სიაში, რომლებსაც პარტიული საქმიანობა და არჩევნებში კენჭისყრა აეკრძალებათ. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ესეც იქნება ჩვენი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილი, სადაც იქნება სია იმ ადამიანებისა, რომლებზეც ჩვენ ვფიქრობთ, რომ იყვნენ და არიან გადაწვეტილებების მიმღებები და შესაბამისი პოლიტიკური გავლენის მქონენი პარტიაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის წარმდგენს შეეძლება მოითხოვოს აეკრძალოს პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის წევრობა, პარტიის აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელობა/წევრობა, სახელმწიფო-პოლიტიკური, პოლიტიკური თანამდებობის და კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება იმ პირს, რომელიც აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან არის დაკავშირებული.

„ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ცვლილებებს დაჩქარებული წესით მიიღებს და ამის შემდეგ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს.

„შემდეგ უკვე სარჩელში, სასარჩელო მოთხოვნაში გაიწერება ის პარტიებიც, რომლებიც ვფიქრობთ, რომ კონსტიტუციას არღვევენ და ის ინდივიდებიც, რომელთა პოლიტიკური პარტიების წევრობა და სხვა ასეთი საქმიანობა შესაზღუდი იქნება. რა თქმა უნდა, ყველა პარტიის წევრი არ იგულისხმება, ვინაიდან, არ ვიცი ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ რამდენი წევრი ჰყავს, მაგრამ ვგულისხმობთ, რომ რამდენიმე ასეული იქნება. აქ ჩვეულებრივი წევრებიც ხომ არიან პარტიაში. აქ მნიშვნელოვანია, რომ იყვნენ ადამიანები, რომელთაც გადამწყვეტი გავლენა ჰქონდათ, ან აქვთ დღესაც კონკრეტული პარტიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და საქმიანობაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ქართული ოცნება“ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას არ მოითხოვს.

„ზოგიერთი წევრი გუშინწინდელი დღეს სხვა პარტიაშია, მაგრამ გუშინწინდელი დანაშაულია, რომელზეც მას უნდა მოეთხოვოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, ჩვენ არ ვგულისხმობთ მარტო საჯარო სამართლის იურიდიულ პირ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენი სასარჩელო მოთხოვნისთვის ჩვენ ვგულისხმობთ ვინც არიან მათი ფიზიკური დანაყოფები, ნაწილი, თუ ქოლგის ქვეშ მყოფი და ა.შ. თუ კონკრეტულად რომელი პარტიები იქნება, სასრჩელო მოთხოვნაში ნახავთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქართულ პოლიტიკაში „ბოროტების ძირია“.

საკონსტიტუციო სარჩელი დაეყრდნობა „ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 450-გვერდიანი დასკვნას, „რომელშიც აღწერილია სხვადასხვა პარტიის წევრი პოლიტიკოსების და ამ პარტიების დანაშაულები, ხელისუფლებაში ყოფნისას თუ ხელისუფლებაში ყოფნის მიღმა“.

„მეორე - როგორც კი ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ, ნახავთ რამდენიმე ათეულ გვერდიან საკონსტიტუციო სარჩელს, სადაც ყველა იმ კრიტერიუმთან დაკავშირებით, რომელიც კონსტიტუციაშია გაწერილი, იქნება აღწერილი რატომ ვფიქრობთ ჩვენ, რომ ჩადენილი იქნა კონსტიტუციური დანაშაული, დარღვეული იქნა კონსტიტუცია, რომელ პარტიებზე და ინდივიდებზე ვფიქრობთ, რომ დაარღვიეს კონსტიტუცია. ამის შემდეგ იმსჯელებს სასამართლო და დაადგენს, ვის რა წილი მიუძღვის, ვის არ მოუძღვის და ა.შ. ეს არა მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ვალდებულებაა, რომელიც შარშან, არჩევნების წინ ავიღეთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

ამ თემაზე:

კობახიძის თქმით, პარტიების აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელი „ერთ და ორ პარტიას“ არ შეეხება

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.