პარლამენტმა ვეტო დაძლია და 84 ხმით რუსული კანონი მიიღო

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და 84 ხმით საბოლოოდ დაამტკიცა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„კოლეგებო, მადლობა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა. პარლამენტის წევრის ფიცი თავის თავში ატარებს ჩვენს უპირველეს ვალდებულებას, რომ ვიზრუნოთ ქართველი ხალხის ინტერესებზე, ვიმოქმედოთ ქართველი ხალხის ინტერესებით და მათი მანდატით. არცერთი სხვა ხალხი, არცერთი სხვა ქვეყანა, არცერთი სხვა ძალა ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ცხოვრებას არ განსაზღვრავს. ზუსტად ამას ეხება ეს კანონი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კენჭისყრის შემდეგ და სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.

„უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის საბოლოოდ დამტკიცებას მხარი დაუჭირეს:

  • „ქართული ოცნება“: გიორგი ბარვენაშვილი; გია ბენაშვილი; რიმა ბერაძე; მაია ბითაძე; ანზორ ბოლქვაძე; ელისო ბოლქვაძე; მაკა ბოჭორიშვილი; ელგუჯა გოცირიძე; ბექა დავითულიანი; ალექსანდრე დალაქიშვილი; ზაურ დარგალი; ისკო დასენი; ზაალ დუგლაძე; გოჩა ენუქიძე; გია ვოლსკი; ირმა ზავრადაშვილი; ირაკლი ზარქუა; არჩილ თალაკვაძე; ედიშერ თოლორაია; რატი იონათამიშვილი; ლადო კახაძე; გიორგი კახიანი; კახა კახიშვილი; პაატა კვიჟინაძე; ბაია კვიციანი; ირაკლი კირცხალია; სუმბატ კიურეღიანი; ლევან კობიაშვილი; რესან კონცელიძე; მარიამ ლაშხი; ზაზა ლომინაძე; დავით მათიკაშვილი; სამველ მანუკიანი; ლევან მაჭავარიანი; ლევან მგალობლიშვილი; ირაკლი მეზურნიშვილი; გოგი მეშველიანი; ირაკლი მეძმარიაშვილი; სავალან მირზოევი; გივი მიქანაძე; იმედა ნიკურაძე; ანტონ ობოლაშვილი; ბექა ოდიშარია; ანრი ოხანაშვილი; შალვა პაპუაშვილი; გელა სამხარაული; ნიკოლოზ სამხარაძე; ვიქტორ სანიკიძე; დავით სონღულაშვილი; გიორგი სოსიაშვილი; ალექსანდრე ტაბატაძე; ნოდარ ტურძელაძე; ირაკლი ქადაგიშვილი; ლევან ქარუმიძე; მერაბ ქვარაია; სალომე ქურასბედიანი; ალუდა ღუდუშაური; თენგიზ შარმანაშვილი; ირაკლი შატაკიშვილი; გიორგი ჩაკვეტაძე; გოდერძი ჩანქსელიანი; ქეთევან ჩარკვიანი; ვასილ ჩიგოგიძე; გიორგი ცაგარეიშვილი; ბეჟან წაქაძე; ნინო წილოსანი; ხატია წილოსანი; გრეტა წიწავა; შოთა ხაბარელი; გიორგი ხახუბია; სალომე ჯინჯოლავა; დიმიტრი სამხარაძე; გივი ჭიჭინაძე.
  • „ხალხის ძალა“: დავით კაჭარავა; გურამ მაჭარაშვილი; სოზარ სუბარი; ეკა სეფაშვილი; ვიქტორ ჯაფარიძე; ირაკლი (დაჩი) ბერაია; ზაალ მიქელაძე; დიმიტრი ხუნდაძე; მიხეილ ყაველაშვილი.
  • „ევროპელი სოციალისტები“: ავთანდილ ენუქიძე; ფრიდონ ინჯია.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები კენჭისყრის შედეგებს შეხვდნენ შეძახილებით - „მონებო“, „მოღალატეებო“, „სირცხვილია“.

პარლამენტში დღევანდელი სხდომა შვიდი საათი გაგრძელდა. ოპოზიციის წევრები „ქართულ ოცნებას“ რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებდნენ და აცხადებდნენ, რომ ვეტო ამის უკანასკნელი შანსი იყო.

3 დღის ვადაში კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გაეგზავნება. სალომე ზურაბიშვილს კანონზე ხელის მოსაწერად და მის გამოსაქვეყნებლად 5-დღიანი ვადა ექნება. თუ პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს კანონს, მას ხელს მოაწერს და 5 დღეში გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა რუსული კანონის უკან გაწვევის შესახებ ვენეციის კომისიის მტკიცე რეკომენდაცია, არც საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებები, რომ ასეთი კანონმდებლობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს დააზიანებს. რუსული კანონის გამო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა უკვე აამოქმედა, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს სავიზო შეზღუდვები დაუწესოს მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე, მათი ოჯახის უშუალო წევრებს. გარდა ამისა, აშშ-მ საქართველოსთან თანამშრომლობის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).