ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო სანქციები დაუწესოს საქართველოში იმ პირებს და მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებლები და თანამონაწილეები არიან საქართველოს დემოკრატიის შეფერხებაზე. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. გარდა ამისა, აშშ საქართველოსთან თანამშრომლობის „ყოვლისმომცველ გადახედვას“ იწყებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 რატომ უნდა შეეჩერებინა საკონსტიტუციოს რუსული კანონის მოქმედება - 2 მოსამართლის განსხვავებული აზრი
- 3 სად გაიხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ
- 4 სასამართლომ „ოცნების“ კლიპის არგაშვების გამო „მთავარი“, „პირველი“ და „ფორმულა“ დააჯარიმა
- 5 გახარიამ ჩორჩანაში საგუშაგო დადგა, მიზანი შეიარაღებული დაპირისპირების გამოწვევა იყო - მდინარაძე
- 6 „ქართული ოცნების“ სარეკლამო კლიპის გადაღების შემდეგ JWT Metro-ს თანამშრომლები ტოვებენ
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა და მიიღო „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონი, რომელიც შეზღუდავს შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას; მოახდენს იმ ორგანიზაციების სტიგმატიზებას, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას ემსახურებიან და ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მოქალაქეებს მაღალი ხარისხის ინფორმაციას აწვდიან.
მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა კანონის წინააღმდეგ ხმა აიმაღლეს, ვნახეთ დაშინებისა და ძალადობის კამპანიის აშკარა ნიშნები განსხვავებული მშვიდობიანი აზრის ჩასახშობად.
როგორც „ნაციონალური უსაფრთხოების კანონი“, ასევე რეპრესიული მეთოდები, რომლებიც გამოიყენება ლეგიტიმური წინააღმდეგობის ჩასახშობად, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რაც ქართველი ხალხის უფლებაა და ეწინააღმდეგება საქართველოს გრძელვადიან მიზანს, რომელიც ასახულია მის კონსტიტუციაში - ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან.
ამ ქმედებების საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შეფერხებაზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით.
საქართველოს დემოკრატიისადმი აშშ-ის მხარდაჭერა ხანგრძლივია და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს. ნებისმიერს, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, მათ შორის, საქართველოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, მისი მიმდინარეობისას და მას შემდეგ, ამ პოლიტიკის მიხედვით, შესაძლოა, არ მიეცეს აშშ-ის ვიზების მიღებისა და შეერთებულ შტატებში გამგზავრების საშუალება. აღნიშნული შეზღუდვები, შესაძლოა, ასევე გავრცელდეს ამ პირების უშუალო ოჯახის წევრებზეც.
ასევე, დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას.
იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მათი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის ნაბიჯებს გადადგამენ.
გადავხედავთ რა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში ვიქონიებთ საქართველოს ქმედებებს.
სავიზო შეზღუდვის ეს პოლიტიკა ექვემდებარება იმიგრაციისა და ეროვნების აქტის 212 (a)(3)(C) მუხლს და საშუალებას აძლევს სახელმწიფო დეპარტამენტს, დაუწესოს სავიზო შეზღუდვები ფიზიკურ პირებს, ასევე, მათი ოჯახის უშუალო წევრებს, იქნებიან ისინი ამჟამინდელი თუ ყოფილი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორები, რომლებიც სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებების განხორციელების დასაბრკოლებლად პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, მათ შორის, ძალადობის, ძალის ან იძულების გამოყენებით“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი 14 მაისის პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო. პრეზიდენტის მიერ კანონზე დადებული ვეტოს დაძლევას „ქართული ოცნება“ 27-28 მაისს გეგმავს.