პაატა კვიჟინაძე

პარლამენტმა ე.წ. ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარა და საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, 83 ხმით ერთის წინააღმდეგ საბოლოოდ მიიღო. შედეგად, ოფშორული ზონებიდან საქართველოში ბიზნესისა და აქტივების გადმოტანაზე შეღავათები გავრცელდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კერძოდ, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების 2028 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემისას, მიღებული შემოსავალი მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან, ხოლო საქართველოში შემოტანილი აქტივი/საქონლი იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება. ამასთან, საქართველოს საწარმო მიღებულ აქტივთან დაკავშირებით 2030 წლის 1-ელ იანვრამდე ქონების გადასახადს არ გადაიხდის. შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ ოფშორში რეგისტრირებული საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის 100%-ს ერთი და იგივე ფიზიკური პირი ან პირთა ჯგუფი ფლობდეს.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები მისმა საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა.

„საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია, არ შეიძლება მიღებული იქნას დაჩქარებული წესით, განხილვისთვის სათანადო დროის დათმობისა და საზოგადოების ჩართულობის ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე. შესაბამისად, ის ფორმა, როგორც და როდესაც იქნა განხილული და მიღებული კანონი, მიუღებელი და დაუშვებელია. სამართლიან კრიტიკას იმსახურებს კანონის შინაარსიც.“, - განაცხადა მსხილაძემ.

მისი თქმით, კანონის მიღებით იქმნება გაუმართლებელი, არათანაბარი, დისკრიმინაციული გარემო - „საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებულ ინვესტორზე, რომელსაც ოფშორში არ აქვს საწარმო, ვრცელდება არსებული საგადასახადო რეჟიმი“.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასაც, „რადგან გამჭვირვალობა და შავი ფულის გათეთრების წინაააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირში ბიზნესის წარმოების სავალდებულო მოთხოვნაა, ხოლო წარმოდგენილი ცვლილებები კი საპირისპიროს დამკვიდრებით ქმნის ქვეყნის ინტერესების მნიშვნელოვნად დაზიანების რისკს“.

„ბიუჯეტმა რა შეიძლება მიიღოს, რა კაპიტალის შემოსვლაზეა საუბარი ან რა შეიძლება დაკარგოს, ამაზე არც კვლევა ჩატარებულა და არც რაიმე კონსულტაცია სათანადო ექსპერტებთან“, - აღნიშნა მსხილაძემ.

გიორგი მსხილაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ამ კანონით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს თავისი „შავი ფულის“ ოფშორებიდან საქართველოში გადმოტანა სურს. თეონა აქუბარდიამ ყურადღება რუსული კანონის მიღების შემდეგ მოსალოდნელ სანქციებზეც გაამახვილა.

„როცა არსებობს სანქციების რეალური თარიღი, აგვისტო, როდესაც ღიად არის ნათქვამი, რომ ბიუჯეტი ვეღარ მიიღებს დასავლურ დაფინანსებას, ივანიშვილს სჭირდება, ერთი მხრივ, ოფშორებიდან საქართველოში თავისი შავი ფულის გადმოტანა და მეორე მხრივ, ბიუჯეტში ფულის არსებობა, რადგან თუ ფული არ არის და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, ძალაუფლების დაკარგვის რეალური საფრთხე იქმნება“, - განაცხადა აქუბარდიამ და უმრავლესობსის წევრებს მიმართა: „ამ ვეტოს დაძლევა იქნება კიდევ ერთი გზავნილი, რომ თქვენ აკეთებთ ერთი კაცის საქმეს, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა და თავისი ფულის გამო ქვეყნის ბედით ვაჭრობს“.

კანონის ერთ-ერთმა ავტორმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, რომ „სრულიად უვნებელი და კარგი“ კანონი, „პოლიტიკის მსხვერპლი“ გახდა.

„დაემთხვა გამჭვირვალობის კანონს და იფიქრეს, რომ ამით შეიძლება აეწიათ მუხტი. ოფშორებში ყველაფერი გამჭვირვალე და გასაგებია. თუ არ არის გამჭვირვალე, ეგ ჩვენი პრობლემა არ არის, მაგრამ გეუბნებით, რომ ნამდვილად გამჭვირვალეა. ამ ოფშორებში მაგრად მოჰკიდეს ხელი, ხელი მოუჭირეს ამერიკამ და ევროპამ, იმ დონეზე მიიყვანეს უკვე, რომ კონტროლი გაძლიერდა, გამჭვირვალობა გაძლიერდა, გადასახადების დაწესებას განიხილავენ, აღარ აქვთ ინტერესი და მიდიან აქედან. ჩვენც გვინდა, რომ ჩვენთან შემოვიდნენ. ჩვენ ბიზნესმენების მცირე ნაწილზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ვამბობთ, რომ თუ ფიზიკურ პირს ოფშორში აქვს კომპანია, რომელიც საქართველოში ფლობს კომპანიას და უნდა ეს ოფშორი მოიცილოს, ერთჯერადად, საქართველოში გადმოსვლის მომენტში ვპატიობთ გადასახადს. მხოლოდ ამას ეხება. თუ რაიმე აქტივი აქვს - მანქანა, ქარხანა - და შეუძლია გადმოიტანოს, ვეუბნებით, თუ გადმოიტან რამდენიმე წელი ქონების გადასახადს გაპატიებთ“, - თქვა კვიჟინაძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, ის რაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა წარმოადგინა, მოტივირებული შენიშვნები არ იყო. კვიჟინაძემ არც ის არგუმენტი გაიზიარა, რომ კანონმა შესაძლოა გააუარესოს საინვესტიციო გარემო და გახდეს რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდების საშუალება:

„ინვესტიციებს როგორ უნდა შეუშალოს ხელი? თვითონ ინვესტიციაა არ არის, რომ გადმოაქვთ?! ოფშორი აღარ არის ის, რაც 20 წლის წინ იყო. დღეს, ჩვენი მეგობრების, ევროპისა და ამერიკის გამო, ვიცით ყველა ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია. თეორიულად ვინმეს რომ გამოეპაროს, აქ რომ შემოვა, ხომ გამჭვირვალე გახდება?! ჩვენ გამჭვირვალობის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო ვართ მსოფლიოში. „შავი ფულის შემოდინება“ - ფულის მოძრაობას საერთოდ არ ეხება ეს კანონი და კიდევაც რომ შეეხოს, ოფშორის ფულები ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ფულის წასვლა-მოსვლასთან კავშირი არ აქვს“.

თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანონს ხელს ისევ არ მოაწერს, ის პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით ამოქმედდება. 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).