ანექსიის ახალი ეტაპი: გაგლოევი მოსკოვში, კამბოლოვი ცხინვალში

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი თანამდებობიდან გადადგა და ხელმძღვანელის მოვალეობის დროებით შემსრულებელი ავტომატურად გახდა ე.წ. მთავრობის თავმჯდომარე, მარატ კამბოლოვი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

22 ივნისს, კრემლში ვლადიმირ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ გაგლოევი მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადადის სამუშაოდ, კერძოდ, პუტინის მრჩევლის პოზიციაზე. შესაბამის განკარგულებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა.

გადადგომის წინ მოსახლეობისადმი მიმართვაში გაგლოევმა განაცხადა, რომ მზადაა გვერდში დაუდგეს „ისტორიულ ლიდერს“, ვლადიმირ პუტინს. მან ხალხს ახალი ხელმძღვანელობის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა და ანექსიის შესახებ ღია განცხადება გააკეთა:

„ოსი ხალხის ისტორიული არჩევანი ყოველთვის იყო რუსეთთან ერთიანობა. დღეს ჩვენი ამოცანაა ისე გავაკეთოთ, რომ ჩვენი სანუკვარი ოცნება ახდეს - დავძლიოთ გაყოფილი ხალხის ხვედრი და გავერთიანდეთ ჩრდილოეთ ოსეთთან, გავერთიანდეთ დიად რუსეთთან“.

ცხინვალში მიმდინარე საკადრო ცვლილებების მთავარი საფუძველი 2026 წლის 9 მაისს მოსკოვში გაფორმებული „მოკავშირეობრივი ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ“ ხელშეკრულებაა. სწორედ ამ დოკუმენტის რეალიზაცია სახელდება გაგლოევის ახალ თანამდებობაზე გადაყვანის მთავარ მიზნად.

ეს დოკუმენტი მოსკოვს უხსნის ყველა ბარიერს იმისთვის, რომ ოკუპირებული რეგიონი პირდაპირ ფედერალური ცენტრიდან მართოს. მისი უმნიშვნელოვანესი პუნქტია ბინადრობის ცენზის გაუქმება, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც არასდროს უცხოვრიათ ცხინვალის რეგიონში, შეუფერხებლად შეუძლიათ დაიკავონ მაღალი სახელმწიფო და მუნიციპალური თანამდებობები. გარდა ამისა, ხელშეკრულება ითვალისწინებს საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის სრულ შეთანხმებასა და შრომითი, საპენსიო და სოციალური კანონმდებლობის უნიფიცირებას.

გაგლოევის ადგილმონაცვლე, მარატ კამბოლოვი, 61 წლისაა და წარმოშობით ჩრდილოეთ ოსეთიდან არის. ის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სტრუქტურებში მრავალი წელი მუშაობდა და პუტინისგან არაერთი უმაღლესი ჯილდო აქვს მიღებული.

მარატ კამბოლოვი

კამბოლოვის გამოჩენა ოკუპირებული რეგიონის პოლიტიკურ სცენაზე და მისი აღზევება რეკორდულად მოკლე დროში მოხდა, რაც პირდაპირ უკავშირდება 9 მაისის ხელშეკრულებას. კერძოდ, 27 მაისს, ხელშეკრულების აღსრულების მიზნით, მარატ კამბოლოვი ალან გაგლოევის სახელმწიფო მრჩევლად დაინიშნა, ხოლო უკვე 8 ივნისს გაგლოევმა ის ე.წ. პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინა. 16 ივნისს ე.წ. პარლამენტმა კამბოლოვი ერთხმად, 32 დეპუტატის ხმით, დაამტკიცა „პრემიერ-მინისტრად“.

„საქართველოს ამბები“ წერდა,  ალან გაგლოევის გადადგომა და ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობაზე კამბოლოვის დანიშვნა იგეგმებოდა.

გაგლოევი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი 2022 წლის მაისში გახდა. მან „არჩევნებში“ დაამარცხა მანამდე მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი. ბიბილოვი აცხადებდა, რომ არჩევნების შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად „იურიდიულ ნაბიჯებს“ გადადგამდა, თუმცა „ხელისუფლებაში“ გაგლოევის მოსვლისთანავე შესაბამისი რეფერენდუმის მომზადების პროცესი შეჩერდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.