ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ფინანსების გაუმჭვირვალობაში ადანაშაულებს. კუპრაშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ არის დანიშნული, აცხადებს, რომ დაფინანსებების არასრული გამჭვირვალობა, სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ანტიკორუფციული ბიუროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ პოლიტიკური პარტიები, კერძოდ: „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის, „კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ „ელენე ხოშტარია-დროა“ და „ახალი ერთობა - გვარამია, მელია“ - დაფინანსებას, სრულად ან ნაწილობრივ, არ ასაჯაროებენ. ამავდროულად, მათი საარჩევნო კამპანიები და აქტივობები შესაძლოა ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან, რომლებიც, თავის მხრივ, თანხებს უხდიან ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. აღნიშნული სქემით, უცხოური ფულით პოლიტიკური პარტიებისა და პროცესების მხარდაჭერა წარმოადგენს საფრთხეს სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის”, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
კუპრაშვილმა თქვა, რომ მოძრაობა „თავისუფლების მოედანს“, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრს მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“, ამ ორგანიზაციების თავმჯდომარეს, ლევან ცუცქირიძესა და მოძრაობის 24 წევრს, ფინანსური ანგარიშების წარდგენა დაავალა, რადგან მათ ღიად გააკეთეს პოლიტიკური გზავნილები.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ქვეყანაში ჩატარებულ „დემოკრატიის ფესტივალსაც“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფესტივალზე მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი იყო მიწვეული.
„დემოკრატიული ფესტივალი“ იმართება ა(ა)იპ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ ორგანიზებითა და „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული ფესტივალი ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული მონაწილე პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ. „ფესტივალზე“ მიწვეული იყო პოლიტიკური პარტიების მხოლოდ ნაწილი და ყველა პარტიას არ ჰქონდა მონაწილეობის შესაძლებლობა, ამასთან, ე.წ. „ფესტივალში“ მონაწილეობდნენ მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისა ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვების პროცესი და საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის“, - განაცხადა კუპრაშვილმა.
როგორც ცნობილია „დემოკრატიის ფესტივალი“ ჩატარდა წალენჯიხაში, თელავსა და ქუთაისში, ბათუმში კი ორგანიზატორებმა გააუქმეს. „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ ფესტივალის დაფინანსების საკითხი კითხვის ნიშნებს აჩენს და საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის ჩარევა დაუშვებელია.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი IRI-სა და NDI-ის გრანტების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.
„მიმდინარე საარჩევნო პროცესში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობა, ამიტომ, მივმართავთ ყველა ორგანიზაციას, მათ შორის, NDI-ს (ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს) და IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს), რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ ობიექტურ დამკვირვებლებს არჩევნებში - უზრუნველყოფილ იქნას თქვენ მიერ გაცემული გრანტების გამჭვირვალობა იმ მიზნით, რომ დაფინანსებული ღონისძიებები არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად. არჩევნების დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის ნეიტრალურობა და ობიექტურობა გადამწყვეტია“, - კუპრაშვილის თქმით, მან ყველა საარჩევნო სუბიექტს დაავალა, 2024 წლის 31 აგვისტომდე, ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინონ მიმდინარე წლის 8 თვის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია.
ანტოკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს არაფერი უთქვამს მმართველი პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებით.