„როგორც იცით, გოგაშვილმა განაცხადა, რომ მე ივანიშვილის დავალებით გამიტაცეს და ამ საქმეში ასევე ფიგურირებს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ივანიშვილმა და გომელაურმა ამასთან დაკავშირებით ჩვენებები მისცენ. ასევე, ხვალ წერილობით მივმართავ პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგეს, რადგან ის გარეულია ჩემი გატაცების საქმეში. ასეთი ადამიანი შეუძლებელია იყოს მინისტრი, რადგან მისი მხრიდან პროკურატურაზე განხორციელდება ზეწოლა. გარდა ამისა, მორალურად გაუმართლებელია მისი მინისტრობა. სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოში ამაზე ნაკლები დანაშაულისთვის მინისტრები გადადგომის გადაწყვეტილებას იღებენ“, - განაცხადა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
აფგან მუხთარლი გერმანიიდან თბილისში დღეს ჩამოვიდა და როგორც თქვა, საქართველოში იქამდე აპირებს დარჩენას, ვიდრე საქმეზე გამოძიება არ დასრულდება. გერმანიაში მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მიცემული.
დღესვე მუხთარლი ადვოკატთან, არჩილ ჩოფიკაშვილთან ერთად პროკურატურაში მივიდა და მისი გატაცების საქმეზე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის ჩვენების გაცნობა მოითხოვა.
აგვისტოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, პატიმრობაში მყოფმა სოსო გოგაშვილმა განაცხადა, რომ აფგან მუხთარლი ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, გატაცების ამსახველი კადრები კი სუს-ის ოპერატიულ ტექნიკურმა დეპარტამენტმა წაშალა.
სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნობილ მუხთარლის პროკურატურაში საქმის მასალების, მათ შორის, სოსო გოგაშვილის ჩვენების გაცნობაზე უარი უთხრეს.
„პროკურატურაში გვითხრეს, რომ სოსო გოგაშვილს ჩვენება ბოლომდე არ მიუცია და ამიტომ არ შეგვიძლია ჩვენების ოქმის ნახვა. მე ვფიქრობ, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური. პროკურატურამ ხელისუფლების ბრძანება შეასრულა. ჩვენ ვაპირებთ გენერალურ პროკურატურაში გასაჩივრებას, შემდეგ კი ევროპულ სასამართლოში. მე ვფიქრობ, რომ აქ უნდა ვიცხოვრო, პროცესის დასრულებამდე“, - აღნიშნა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა.
მუხთარლის ინტერესებს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ იცავენ.
აფგან მუხთარლი თბილისიდან, 2017 წლის მაისში, დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანს გადასცეს, სადაც ის საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გაასამართლეს. 2020 წლის მარტში, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი ციხიდან გაათავისუფლა და გერმანიაში გამგზავრების შესაძლებლობა მისცა.