არ არის სწორი, თუ არ ითვალისწინებენ იმას, რაც ხალხს სურს – მარტა კოსი „ოცნებაზე“

გაფართოების საკითხებზე ევროკომისარი მარტა კოსი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპულ გზას დაუბრუნდება. ამის შესახებ მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

18-19 დეკემბერს, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართება, რომლის დღის წესრიგში ევროკავშირის გაფართოების საკითხიც არის. შეკითხვაზე, რა არის მოსალოდნელი, მარტა კოსმა თქვა, რომ ამაზე საუბარი არ შეუძლია, რადგან დასკვნები საბჭოს სხდომაზე გაკეთდება.

„ევროკომისიის გაფართოების ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებსა და დასკვნებს საქართველოსთან დაკავშირებით. ამ ანგარიშში ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო განიცდის ისეთ დემოკრატიულ უკუსვლას, როგორსაც არც ერთ სხვა ქვეყანა. ჩვენ ველით, რომ თუ ქვეყანას ევროპულ გზაზე წინსვლა სურს, მათ სხვაგვარად უნდა მოიქცნენ. ეს ეხება მთავრობას.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს იმედი მივცეთ, არამედ იმისთვის, რომ მთავრობას ვუთხრათ, რომ არ არის სწორი, თუ არ ითვალისწინებენ იმას, რაც ხალხს სურს.

საქართველოზე საუბრისას, მე ნამდვილად, ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ თქვენი ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, დაუბრუნდება ევროპულ გზას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მათ ხელშია“, – განაცხადა მარტა კოსმა.

გაფართოების 2025 წლის ანგარიშის თანახმად, ევროკომისიისთვის საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მხოლოდ ფურცელზეღა არსებობს. „სერიოზული უკუსვლა“ დაფიქსირდა ყველა ძირითად სფეროში, რაც გამოიხატა რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით, სასამართლო სისტემის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციით, ოპოზიციის ლიდერების დევნით, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების დაპატიმრებებით და სამოქალაქო სივრცის შევიწროებით.

4 ნოემბერს, გაფართოების ანგარიშის წარდგენისას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ „ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს, თუ პირობები მკვეთრად არ შეიცვლება“.

 

ამ თემაზე:

დიდი ალბათობით, გაფართოების მიმართულებით საქართველოს ფაილი დაიხურება – ფიშერი

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.