პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია კოალიციის „ცვლილებისთვის“ საარჩევნო სიაშია არ იქნება. ამის შესახებ განცხადება მან დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. გვარამიას თქმით, სურს გზა ახალ ადამიანებს გაუხსნას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
- 6 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
„პოლიტპატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ, პირველივე წუთებში, საზოგადოებას ვამცნე ჩემი დამოკიდებულება, რომ მივდიოდი ტელევიზიიდან და ვიწყებდი პოლიტიკურ საქმიანობას იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი შეცვლილიყო და ახალი ადამიანები მოსულიყვნენ პოლიტიკაში. ახალ ადამიანებში ვგულისხმობ არა მხოლოდ ახალ თაობას, არამედ იმ ხალხს, ვინც აქამდე პოლიტიკაში არ ყოფილა და ვისაც შეუძლია ქვეყნის შეცვლა, ვისაც არ ამძიმებს თუნდაც წარსული შეცდომები და ამ მხრივ უპირატესობას არ აძლევს „ქართული ოცნების“ პროპაგანდას.
დღეს მივიჩნევ, რომ საზოგადოებისადმი ჩემი დაპირების ერთი ნაწილი შესრულებულია. მე და ნიკა მელიამ შევქმენით პარტია „ახალი“, რომელიც ძირითადად შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებსაც შეუძლიათ ცვლილებები და ვის მხრებზეც არ არის წარსულის შეცდომები. მერე შეიქმნა კოალიცია, დაგვემატნენ „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“, ის ხალხი, ვინც აბსოლუტურად იზიარებს ჩვენს დამოკიდებულებებს და ჩვენ ვიზიარებთ მათ დამოკიდებულებებს.
მე მინდა შევასრულო ჩემი დაპირების მეორე ნაწილი - მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში იმის მიუხედავად, რომ კოალიციის ლიდერი ვარ. მიმაჩნია, რომ უნდა დავრჩე პარტიის, კოალიციის ლიდერად, ყველაფერი გავაკეთო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შეცვლისთვის და ქვეყნის შემდგომი გაერთიანებისთვის.
მინდა, პარლამენტში გზა გაეხსნათ ახალ ადამიანებს. ჩემი მაგალითით მინდა, რომ სხვა პარტიებს და ზოგადად, საზოგადოებას ვუთხრა ჩემი პოზიცია: მივცეთ ფართო გზა ახალ პოლიტიკურ აქტორებს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით სურს ხაზი გაუსვას იმას, რომ „კოალიცია „ცვლილებისთვის“ სწორედ ცვლილებაზეა ორიენტირებული და არა ჩანაცვლებაზე“.
„ჩვენთვის მთავარი ამოცანა არ არის ბიძინა ივანიშვილის ადგილის დაკავება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი რუსული ორიენტაციით ამ ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობას ჩამოშორდეს და ძალაუფლება, ქვეყნის ხელისუფლება გადაიბარონ ადამიანება, ვინც ვერ იქნებიან მოწყვლადები პროპაგანდისთვის, ვინც დაადგებიან ახალ გზებს და მე ჩემი გამოცდილებით, ჩემი შესაძლებლობებით დავეხმარები და მაქსიმალურად გავწევ წინ, მაგრამ ასევე ვიქნები მათი შეცდომების მოდარაჯე. არ უნდა გავიგოთ არასწორად, რომ მე რაღაცნაირად უკნიდან ვაპირებ რუხი კარდინალივით პროცესების მართვას. არა. მე ვარ ჩემი პარტიის თავმჯდომარე, კოალიციის ლიდერი და მე მექნება ჩემი საქმე“, - თქვა გვარამიამ და აღნიშნა, რომ არც „მომავალი დროებითი მთავრობის“ წევრობის პრეტენზია აქვს.
პოლიტიკური გაერთიანების „კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ საარჩევნო სია ხვალ, 26 ოქტომბერს, გახდება ცნობილი. ნიკა გვარამიას განცხადებით, ის ძირითადად იმ ხალხით იქნება დაკომპლექტებული, „ვინც არ ყოფილა არცერთი პოლიტიკური ისტაბლიშმენტის ნაწილი“.