„მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ქართველ ხალხს საჯაროდ აუხსნან, ვინმე ავალებდათ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას და თუ კი, დაასახელონ კონკრეტული შემთხვევები“, - ამ მიმართვის ადრესატი „ქართული ოცნების“ ის ლიდერები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში მუშაობდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
კერძოდ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 9 წელი მუშაობდა აშშ-ისა და გაერო-ს ორგანიზაციებში; პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი - 17 წელი მუშაობდა გერმანულ ფონდში (GIZ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება); პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე - 10 წელი ევროსაბჭოს, ეუთო-ს, გაერო-სა და ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი - 9 წელი ევროკავშირის, USAID-ისა და სხვა საერთაშორისო ფონდების დაფინანსებას იღებდა; პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე - 11 წელი მუშაობდა ევროკავშირისა და გაერო-ს პროგრამებში; პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე - სამი წელი მუშაობდა აშშ-ის ორგანიზაციებსა და „სოროსის ფონდში“; პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე - 15 წელი მუშაობდა გაერო-ს, ეუთო-ს, მსოფლიო ბანკის ორგანიზაციებში.
„მათი ნაწილი, როგორც დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე მუშაობდნენ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართლმსაჯულების, თანასწორობის, თვითმმართველობისა და სხვა საკითხებზე. დღეს ისინი აცხადებენ, რომ ის ორგანიზაციები, რომლებსაც წლების განმავლობაში თავად წარმოადგენდნენ, უცხო სახელმწიფოების ინტერესებით მოქმედებენ და საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოსთვის. შესაბამისად, მოვუწოდებთ მათ, ქართველ ხალხს საჯაროდ აუხსნან, ვინმე ავალებდათ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას და თუ კი, დაასახელონ კონკრეტული შემთხვევები.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვმოქმედებდით, ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ საკუთარი წესდებებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად და საქართველოში დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების გასაძლიერებლად“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებას ხცელს აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“; „ადამიანის უფლებათა ცენტრი“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“; „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“, „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი“; „მწვანე ალტერნატივა“; „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“; „პლატფორმა სალამ“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“; „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“; „საფარი“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“; „საქართველოს ევროპული ორბიტა“; „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“; „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“; „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“; „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფი“; „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი“ და Tbilisi Pride.
„ქართული ოცნება“ აპირებს, პარლამენტმა მიმდინარე სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიიღოს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონი, რომელზეც უარი 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო ზეწოლის გამო თქვა. კანონპროექტის ტექსტი იგივე იქნება, მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვლება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ შარშანდელზე დიდი პროტესტის შემთხვევაშიც კი, კანონპროექტს უკან არ გაიწვევენ. აშშ, ნატო და ევროკავშირი აცხადებენ, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს დააზიანებს.