არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან „ქართული ოცნების“ მიერ არალეგიტიმურ პარლამენტში ინიცირებულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც მთავრობის თანხმობის გარეშე საქართველოში უცხოური გრანტის გაცემა იკრძალება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 2 კობახიძე მაღაროელების პროტესტზე: რთულია კერძო ბიზნესს ხელფასების გადახდა მოსთხოვო
- 3 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 4 რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს
- 5 საიამ არჩევნებზე ფარულობის მასობრივ დარღვევაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
- 6 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
„უახლოეს დღეებში „ქართული ოცნება“ აპირებს დაჩქარებული წესით მიიღოს ცვლილებები, რომლის ძალითაც, საქართველოს მეგობარ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე აეკრძალებათ მხარდაჭერის გაწევა საქართველოს მოქალაქეებისთვის.
დღეს, როდესაც სახელმწიფო უწყებები პარტიულ დანამატად არიან ქცეულნი, ადამიანების დაცვის ერთადერთ საშუალებას სამოქალაქო სოლიდარობა და აქტიურობა წარმოადგენს. აღნიშული კანონი თავისი არსით და მოსალოდნელი შედეგით არის ხალხის დევნის აქტი და მიზნად ისახავს მოქალაქეების მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის პირისპირ დატოვებას და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი თანადგომის აკრძალვას“, - აცხადებენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები.
მათივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ ინიციატივა არის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და ხალხის დახმარების სისტემის განადგურების სტრატეგიის გაგრძელება იმ პირობებში, როდესაც რუსული კანონების მიღების, დევნის, სამოქალაქო სოლიდარობის ფონდების დაყადაღების მიუხედავად, ამ მიზანს ვერ მიაღწიეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დაანონსებული კანონი მიზნად ისახავს საქართველოს ჩაკეტილ, იზოლირებულ სახელმწიფოდ გადაქცევას, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო უნდა დაექვემდებაროს „ქართული ოცნების“ ტოტალიტარული სტილის კონტროლს და გამოირიცხოს საზოგადოებისთვის საჭირო თანადგომის მიღება საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრებისაგან.
„ეს კანონი ასევე მიზნად ისახავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტას, რომლებიც ქართველ ხალხს აწვდიან ინფორმაციას სახელმწიფო უწყებების მხრიდან ქართველი ხალხის უფლებების დარღვევის, კორუფციული გარიგებების, მოხელეთა მიერ თანამდებობების პირადი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ, რაც „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან ორგანული გახდა.
არალეგიტიმური პარლამენტი ცდილობს ქართველ ხალხს ჩამოაშოროს მეგობრების მხარდაჭერა და თანადგომა და დაუცველი დატოვოს - ბავშვები, ქალები, სტუდენტები, ხანდაზმულები, უკანონო პატიმრები, სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებულები, უკანონოდ დაჯარიმებულები, ძალადობის მსხვერპლები, შშმ პირები, ჟურნალისტები, კულტურის, ბიზნესის და სხვა სფეროს წარმომადგენლები. უიმედოდ აქციოს თითოეული მოქალაქე, რომელიც რაიმე ფორმით საჭიროებს მიიღოს დასავლური ცივილიზაციის სიკეთე“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები კვლავ აცხადებენ, რომ რუსულ კანონებს არ დაემორჩილებიან და აპირებენ ბოლომდე გაუწიონ წინააღმდეგობა „ქართველი ხალხის დევნის აქტს“.
„ჩვენ არ დავუშვებთ ივანიშვილის არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტოს როდის და როგორ დაეხმარება ქართველი ხალხი ერთმანეთს“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ქართულმა ოცნებამ“ არალეგიტიმურ პარლამენტში 2 აპრილს დაარეგისტრირა და დაჩქარებული წესით განიხილავს „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაციის ან უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ გრანტის გაცემისთვის სავალდებულო იქნება საქართველოს მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აიკრძალება, ხოლო აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას გრანტის ორმაგი ოდენობით. აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. სამართალდარღვევის ჩადენისთვის 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება.
