რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში

„ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა და დაჩქარებული წესით განიხილავს მორიგ რეპრესიულ კანონპროექტს, რომელიც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საქმიანობის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას ისახავს მიზნად. სავალდებულო ხდება მთავრობის თანხმობა უცხოური წყაროსგან მისაღები გრანტის თაობაზე, კანონში ჩნდება „აკრძალული გრანტის“ ცნება და განისაზღვრება სანქციები ასეთი გრანტის მიღებისთვის.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები ცვლილებების მიღების საჭიროებას „სახელმწიფოს სუვერენიტეტის“ დაცვის მოტივით ხსნიან. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია არცერთ ექსპერტს, სამუშაო ჯგუფს, სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციას და არ ყოფილა მიმოხილული სხვა ქვეყნების გამოცდილება.

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები ძირითადად ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:

  • საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის (მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და კომიტეტი), საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის, უცხო ქვეყნის მთავრობის ან მისი წარმომადგენლობის, აგრეთვე უცხოეთის სამეწარმეო (თუ გრანტის მიმღები არის სახელმწიფო ან საქართველოს მთავრობა) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ გრანტის გაცემა საჭიროებს საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობას;
  • თანხმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება 10 დღის ვადაში და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. აღნიშნული თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია;
  • თანხმობის მისაღებად გრანტის გამცემმა სუბიექტმა საქართველოს მთავრობას ან მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უნდა წარუდგინოს გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის ხელშეკრულების პროექტი. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც დონორი უყენებს გრანტის მიმღებს;
  • მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, აგრეთვე, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე.

აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვრება ანტიკორუფციული ბიურო.

კანონის მიხედვით, უკანონო გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგის წესს, საჭიროების შემთხვევაში, ანტიკორუფციული ბიურო ადგენს.

მონიტორინგის მიზნებისთვის ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილი იქნება:

  • პირისგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესის დარღვევის თაობაზე;
  • გამოკითხოს ფიზიკური პირი ამ კანონით დადგენილი წესით;
  • დაკითხოს ფიზიკური პირი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
  • საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემის და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია;
  • განახორციელოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

იმ ინფორმაციას, რომელიც საჯარო ინფორმაციას არ მიეკუთვნება, ანტიკორუფციული ბიურო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვს. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მიმართვის წარდგენიდან 48 საათში. ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. ამ მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.

კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად კანონპროექტით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ წარმოების შემჭიდროებული - 3 თვიანი ვადა. საჭიროების შემთხვევაში, ეს ვადა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ შესაძლებელია გახანგრძლივდეს არაუმეტეს 3 თვის ვადით.

ყველა სუბიექტი, რომლებსაც ანტიკორუფციული ბიურო მოსთხოვს ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.

კანონი ადგენს აკრძალული გრანტის მიღებასთან დაკავშირებით პირის გამოკითხვის წესსა და საფუძველს, კერძოდ:

  • ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ აკრძალული გრანტის მიღების მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია, შეიძლება ნებაყოფლობით გამოჰკითხოს ანტიკორუფციულმა ბიურომ.
  • იკრძალება პირის იძულება მტკიცებულების წარდგენის ანდა ინფორმაციის გაცემისთვის, ასევე გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, თავისი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ. გამოსაკითხი პირის ახლო ნათესავად მიიჩნევა მისი მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე.
  • გამოსაკითხი პირი ვალდებულია გამოკითხვისას ანტიკორუფციულ ბიუროს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს, თავის მხრივ, ანტიკორუფციული ბიურომ გამოსაკითხი პირი წერილობით უნდა გააფრთხილოს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე, აგრეთვე გამოსაკითხ პირს უნდა განემარტოს მაგისტრატ მოსამართლესთან დასაკითხად შესაძლო დაბარების თაობაზე.
  • გათვალისწინებულია გამოსაკითხი პირისთვის წინასწარ ცნობის საფუძველზე, გამოკითხვისას ხმის ან/და გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალების გამოყენება.
  • შესაძლებელია გამოსაკითხი პირის დისტანციურად, ელექტრონული საშუალების გამოყენებით გამოკითხვა.

სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კანონით გათვალისწინებული სახდელის აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოების შესაძლო არსებობის შემთხვევაში, ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად სამართალდამრღვევის ქონებას

(მათ შორის, საბანკო ანგარიშებს) დაადოს ყადაღა შესაბამისი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის პროპორციულად. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან ერთად დასადასტურებლად წარედგინება სასამართლოს.

ყადაღის დადების საკითხს განიხილავს და მის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მასალების წარდგენიდან არაუგვიანეს 48 საათისა. სასამართლოს გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 48 საათის განმავლობაში. გასაჩივრება არ აჩერებს ყადაღის მოქმედებას. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 48 საათისა. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

სასამართლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დადასტურების საკითხს განიხილავს და მის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მასალების მიღებიდან 15 დღის ვადაში. სასამართლოს გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

დადგენილია შემჭიდროებული, 5 დღიანი ვადა, წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დადასტურების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისთვის. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 72 საათის ვადაში. თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კანონით განსაზღვრულია 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადა სამართალდარღვევის ჩადენისთვის. 

კანონი ითვალისწინებს აკრძალული გრანტის მიღებასთან დაკავშირებულ სანქციებს, კერძოდ:

  • აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით;
  • ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ფიზიკური პირის გამოკითხვისას ან მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას აღნიშნული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
  • ზემოთ მოყვანილი რომელიმე ქმედების განმეორებით ჩადენისთვის განსაზღვრულია შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადგენილი სანქციის ორმაგი ოდენობით დაჯარიმება.

კანონის ამოქმედებამდე გაცემულ და მიღებულ გრანტებზე მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობის წესი არ გავრცელდება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.