„ქართული ოცნების“ კონტრაქციაზე გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს ბრიფინგით გამოეხმაურნენ და მოქალაქეებს მოუწოდეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან შეიკრიბონ. მათი თქმით, ყველასთვის ნათელი გახდა - რუსული კანონის მიღების მიზანი არა „გამჭვირვალობა“, არამედ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„სამოქალაქო საზოგადოება კვირების განმავლობაში დეტალურად განმარტავდა, თუ რატომ არის რუსული კანონი ანტიკონსტიტუციური, ქართული დემოკრატიის დასასრული და ევროკავშირში ინტეგრაციის საერთო-ეროვნული სწრაფვის შეგნებულად დამაზიანებელი. თუმცა, რუსული კანონის მავნე შედეგებში საზოგადოების დარწმუნებას ხელისუფლების გუშინდელ განცხადებებზე უკეთ ვერავინ შეძლებდა.
ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა, რომ რუსული კანონის მიღებით ისინი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების გამოცხადებას გეგმავენ. ისინი აანონსებენ არჩევნების მიტაცებას, ცენზურას და საბჭოთა სტილის ტოტალიტარულ რეჟიმს. მათ განაცხადეს, რომ დასავლეთს ხედავენ მტრად, ხოლო ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყანა, რუსეთი, არც კი უხსენებიათ ამ კონტექსტში. ყველამ ნათლად გაიგო, რომ რუსული კანონის მიღების მიზანი არა ყბადაღებული „გამჭვირვალობა“, არამედ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლა და რუსეთიზაციის გაფორმებაა.
დღეს ხელისუფლება ამ ანტიკონსტიტუციური კანონის მისაღებად მორიგ ნაბიჯს დგამს და რუსული კანონის მეორე მოსმენით პლენარულ განხილვას გეგმავს.
ამიტომაც, ჩვენ, ამ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წევრები და მოქალაქეები:
- შევეწინააღმდეგებით კანონის მეორე მოსმენით მიღების მცდელობას და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ხელისუფლებას, რომ რუსული კანონით კონსტიტუციის ღალატი და ევროკავშირზე უარის თქმა არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი.
- მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, კვლავ შეასრულონ საკუთარი მოვალეობა ხალხის წინაშე და კიდევ უფრო მტკიცედ იბრძოლონ პარლამენტში რუსული კანონის წინააღმდეგ.
- მოვუწოდებთ ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობა, კონსტიტუცია და საქართველოს ევროპული გზა მნიშვნელოვანია, შევიკრიბოთ პარლამენტის წინ 19:00 საათზე.
ჩვენ თვალს მივადევნებთ, თუ როგორ იმოქმედებს ხელისუფლება და ვიმოქმედებთ არსებული სიტუაციის შესაბამისად, ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებისა და ქართველი ხალხის გაცხადებული ნების შესაბამისად. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“, - განაცხადეს ბრიფინგზე.
„ქართულმა ოცნებამ“, 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა.
რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიაs და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. 150-ზე მეტმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ განაცხადა, რომ „ღირსების შემლახავ რეესტრში“არავითარ შემთხვევაში არ დარეგისტრირდებიან.
17 აპრილს, 83-მა დეპუტატმა რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, დღეს, 30 აპრილს კი „ქართული ოცნება“ მეორე მოსმენით მიღებას ეცდება.
რუსული კანონის წინააღმდეგ 15 აპრილიდან თბილისში ყოველდღე იმართება ხალხმრავალი საპროტესტო აქციები. 28 აპრილის დემონსტრაციაში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა.