სამი ამერიკელი სენატორი გმობს თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, დემოკრატი ბენ კარდინის და მაღალი რანგის წევრების, რესპუბლიკელების - როჯერ უიკერის და ჯონ კორნინის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, გავიდეს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებიდან, სერიოზული ღალატია ქართველი ხალხის მკაფიო და დამაჯერებელი მისწრაფების, მიიღოს ევროპული ღირებულებები და ინსტიტუტები.
სენატორები მხარდაჭერას უცხადებენ ქართველ ხალხს, რომელიც „მშვიდობიანად იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან სასტიკი რეპრესიებისგან“.
„ეს არის არა დემოკრატიული რეფორმებისა და პლურალიზმისკენ მიდრეკილი მთავრობის საქციელი, არამედ არასანდო რეჟიმის, რომელიც საქართველოს რუსული სტილის ავტოკრატიისკენ მიათრევს. ეს ქმედებები უხეშად არღვევს საერთაშორისო დემოკრატიულ ნორმებს და ძირს უთხრის ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ გაჩაღებულ ძალადობას - ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის, ცემისა და მასობრივი დაკავებების ადგილი თბილისის ქუჩებში არ არის.
საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა დარღვევებზე და დემოკრატიული პრინციპების ეროზიაზე, პასუხი უნდა აგოს საკუთარ ხალხს და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ქართველი ხალხის თავგანწირვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის მოითხოვს ჩვენს მუდმივ სოლიდარობასა და მოქმედებას“, - ნათქვამია სენატორების განცხადებაში.
28 ნოემბერს, საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
საპროტესტო აქციებს, რომელიც „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას მოჰყვა, საპოლიციო ძალები სასტიკად არბევენ. მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებენ ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლსა და სხვა სპეციალურ საშუალებებს. სავარაუდოდ, გამოყენებული იყო რეზინის ტყვიებიც. 28 ნოემბრის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის 300-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათი დიდი ნაწილი სპეცრაზმის მიერ არის ნაცემი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ირაკლი კობახიძის თქმით, „ამას ვერ ექნება ვერავითარი პრინციპული მნიშვნელობა“. „ქართული ოცნების“ მთავრობა აპირებს, ეს საკითხი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან განიხილოს.
