არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი ან ერთობლივად - ზურაბიშვილი

„2025 წლის შემოდგომაზე არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი ან, ბოლო ბოლო, ერთობლივად“, - განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ქართულმა ოცნებამ“ შემოაგდო ადგილობრივი არჩევნების თემა, როგორც ადრე - პარლამენტში „შევლენო“, არც არავინ შესულა და არც არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე წასვლას, თუ ეს იქნება „ქართული ოცნების“ წესებით და „ქართული ოცნების“ მანიპულაციის ქვეშ. სამაგიეროდ, ალბათ, ყველა აპირებს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა - ეს არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი ან, ბოლო ბოლო, ერთობლივად საპარლამენტო და ადგილობრივი. ამისათვის აუცილებელია მზადება, ახალი წესები, რომელიც შევქმენით „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფარგლებში, რომელიც იქნება ჩვენი პირობები არჩევნებისთვის. აუცილებელია, რომ დამკვირვებლების მთელი არმია მოვამზადოთ. ეს უკვე დაწყებული უნდა იყოს. აუცილებელია, რომ დიასპორამ გამოიღვიძოს და დაიწყოს რეგისტრაცია, რომ ეს არ იყოს ბოლო წუთში მოუმზადებელი და დაგვიანებული. ეს მზადება არის ჩვენი, საერთო, იმისათვის, რომ ყველამ ერთად, ოპოზიციამ, დაიცვას ყველას ხმა. ეს არის გამარჯვების ფორმულა. მე ამაში ვარ დარწმუნებული და ჩვენი მისატანია ბოლომდე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, საზოგადოებასა და პარტიებს შორის დაპირისპირება და დაყოფა შემოიტანოს.

„ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვერცერთი პარტია მარტო ვერაფერს მიაღწევს.

ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ თუ არა ელემენტარული ერთობა - „ქართული ოცნების“, რომელსაც აღარაფერი აღარ შეუძლია, ერთადერთი ბერკეტი და ერთადერთი მიზანი არის, საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის შემოიტანოს დაყოფა, ეს არის ყველა დიქტატორული რეჟიმის ერთადერთი ხერხი: „დაყავი და იბატონე“. ეს არ უნდა დავუშვათ. ამიტომ ვმუშაობთ იმაზე და შევქმენით წინააღმდეგობის პლატფორმა“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

26 მაისს, რუსთაველის გამზირზე გამართული დემონსტრაცია

მეხუთე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, „ყველას მიღწევაა არჩევნებიდან 7 თვის მერე არალეგიტიმური მთავრობა რომ არ არის აღიარებული“.

„მეორე შედეგია სანქციები, რომლებიც პირდაპირ ეხება იმ ადამიანებს, რომლის პასუხისმგებლობაა ის სასტიკი ძალადობა, რაც ჩვენ ვნახეთ ამ ქვეყანაში. სანქცირებულნი არიან ისინი, რომლებიც რუსეთს ხელს უწყობენ ამ ქვეყანაში და რუსეთს ეთანამშრომლებიან. ეს არის ამ სანქციების მხოლოდ დაწყებული ტალღა, რომელიც გაგრძელდება და რომელიც ეხება პასუხისმგებელ პირებს და არა ქართველ ხალხს.

ეს განსხვავება საქართველოსა და იმ ე.წ. ხელისუფლებას შორის, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგად შეიგნეს ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ერთი მხრივ, დგას ის საქართველო, მთლიანი საზოგადოება, რომელსაც უნდა საკუთარი მომავალი ევროპაში, თავისუფლებაში და დამოუკიდებლობაში და მეორე მხრივ, დგანან ადამიანები, რომლებიც არაფერს და არავის არ წარმოადგენენ გარდა საკუთარი და ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებისა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მანდატები მოიპოვა, არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციას და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ითხოვს. 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.