საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისგან სამხედრო დახმარების მიღება უფრო მარტივად შეეძლება. ამის შესახებ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა პენტაგონში, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 4 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
„ბატონო მინისტრო, როდესაც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოს ვესტუმრე, მე და თქვენ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა გამოვაცხადეთ. ეს არის ახალი ორმხრივი პროგრამა ქართულ სამხედრო სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმების განსახორციელებლად - რეფორმებისა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში და მათი ტერიტორიული თავდაცვისა და მდგრადობის შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ გასულ თვეში დეპარტამენტმა აცნობა კონგრესს ამ მიზნით აღჭურვილობის დასაფინანსებლად 33 მილიონი აშშ დოლარის შესახებ და საქართველოს შეეძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს. ეს ასახავს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენს ორმხრივ თავდაცვის ურთიერთობებს და პარტნიორობას ვანიჭებთ“, - განაცხადა ოსტინმა.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობა ღრმავდება.
„ერთიანობა არასოდეს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც დღეს, როდესაც მშვიდობას, სტაბილურობას და დემოკრატიული სამყაროს წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს უპირისპირდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების და უკრაინის გაუმართლებელი, უკანონო და სასტიკი ოკუპაცია.
ომებითა და ბრძოლებით ჩვენ ვისწავლეთ მშვიდობისა და თავისუფლების ფასი და მადლობელი ვართ, რომ ერთად, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივითა და სხვა ორმხრივი აქტივობებით, ჩვენ ვაქცევთ ჩვენს სამაგალითო პარტნიორობას ძლიერ ალიანსად და ვაშენებთ შესაძლებლობებს, რომლებიც ხელს უწყობს მშვიდობას და სტაბილურობას არა მარტო საქართველოში, არამედ უფრო ფართო შავი ზღვის რეგიონში“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
გასული წლის აგვისტოში აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ საქართველოსთვის 30 მილიონი დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა. სააგენტო აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობამ „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო მართვადი 82 რაკეტისა და 46 მართვადი გამშვები დანადგარის შესყიდვა მოითხოვა.
