აშშ-ის ელჩი რუსულ კანონზე: ეს კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონმდებლობის მსგავსი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„თუ გექნებათ კანონპროექტი, რომელზეც თქვენი დასავლელი პარტნიორები და მეგობრები გეუბნებიან, რომ სერიოზული შეშფოთება აქვთ, მაგრამ ოკუპანტი მიესალმება მას, არის თუ არა ეს სასიკეთო თქვენი ქვეყნისთვის, ამაზე უნდა დასვათ კითხვა“, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ელჩი ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ძალიან განსხვავდება აშშ-ში მოქმედი უცხოეთის აგენტის რეგისტრაციის აქტისგან (FARA).

„მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ეს კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონმდებლობის მსგავსი. აშშ მიესალმება ჩვენი სამოქალაქო ორგანიზაციების როლს და იმას, როგორ ეხმარებიან ისინი ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა კონკრეტულად მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და პირები, რომელთაც ფულს უხდიან უცხო ქვეყნის მთავრობისა და მათი ინტერესების ლობირებაში, იყვნენ დარეგისტრირებული. ეს ძალიან განსხვავებული კანონია“, - განაცხადა დანიგანმა.

მისი თქმით, აშშ-მა, როგორც საჯაროდ, ასევე მთავრობასთან პირად საუბრებში გამოთქვა სერიოზული შეშფოთება კანონპროექტთან დაკავშირებით. კერძოდ, აშშ შეშფოთებულია იმით, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს და უარყოფით გავლენას იქონიებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებების შესაძლებლობაზე, აკეთონ თავიანთი საქმე, დაეხმარონ ქართველ ხალხს ყოველდღიურად. ელჩმა აღნიშნა, რომ ეს შეშფოთება მხოლოდ აშშ-ს არ აქვს:

„ევროკავშირმა, ნატომ, ევროპულმა საბჭომ, ევროპარლამენტმა, მრავალმა ევროპულმა ქვეყანამ და პარლამენტმა, გაერომ ასევე გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. მათ გამოთქვეს შეშფოთება, რომ ეს კანონპროექტი უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე“.

რობინ დანიგანის განცხადებით, აშშ საქართველოს, მისი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას. მან ასევე ისაუბრა ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობასთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან მუშაობით განხორციელებულ 6 მილიარდი დოლარის დახმარებაზე.

„ჩვენმა დახმარებამ გააძლიერა საქართველოს თავდაცვითი ძალები, აღჭურვა საქართველოს სანაპირო დაცვა, რათა საქართველომ შეძლოს სუვერენული ტერიტორიის დაცვა და ასევე შეაკავოს შემდგომი აგრესია. ჩვენი დახმარების საშუალებით აშენდა საავადმყოფოები, სკოლები, ჩვენ მოვამზადეთ ექიმები, მასწავლებლები, გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები. ჩვენი დახმარების საშუალებით აშენდა დამოუკიდებელი საცხოვრებელი ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა დავხმარებოდით შშმ პირებს, რომ შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება. ჩვენმა დახმარებამ მცირე ფერმერებს და მცირე მეწარმეებს მისცა სესხები. ჩვენ მივეცით ახალგაზრდებს პროფესიული განათლება. ჩვენ გავხსენით ამერიკული ცენტრები, სადაც უფასოდ შეისწავლება ინგლისური ენა და უზრუნველვყოფთ წიგნებით. ჩვენ ათასობით ქართველს მივეცით აშშ-ის სასწავლო პროგრამებში სწავლის შესაძლებლობა. ეს ისაა, რასაც მეგობრები აკეთებენ. მეგობრები ეხმარებიან ქვეყანას გაძლიერებაში და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასა და თავდაცვაში“, - განაცხადა ელჩმა.

„ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელზეც უარი ერთი წლის წინ, საზოგადოების მასშტაბური პროტესტის შედეგად თქვა და პირობა დადო, რომ ის „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვია პარლამენტიდან. კანონპროექტის ტექსტი იგივე დარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. მმართველი პარტია აპირებს, რუსული კანონი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ამან შესაძლოა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.