პრორუსული და ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა მარტინენკომ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ზურაბ მახარაძისა და კონსტანტინე მორგოშიას დასანქცირება „ძალიან სერიოზული“ ფინანსური დარტყმაა მთლიანად ორგანიზაციისთვის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„შეიძლება ამერიკაში სიარულის დიდი სურვილი და გეგმა არავის ჰქონია, ასევე, შეიძლება ჩვენ არც დიდი ქონება არ გვაქვს, თუმცა კოკა [კონსტანტინე მორგოშია] არის ბიზნესმენი და რასაც ის ფუნქციონირებს, იმით ძალიან დიდწილად ფუნქციონირებს „ალტ-ინფოც“, ფინანსური თვალსაზრისით. ეს სანქციები არ არის უბრალოდ ვიზის გაჩერება. ეს სანქციები არის ყველანაირ ფინანსურ აქტივობაზე დადებული ფინანსური სანქციები, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმის სანქციებია. ამათ მფლობელობაში არსებული ნებისმიერი ფირმა თუ ორგანიზაცია, დადგება სანქციების რისკის ქვეშ. ნებისმიერი ბანკი, რომელიც მათ მოემსახურება, თვითონ აღმოჩნდება სანქციების საფრთხის ქვეშ“, - განაცხადა მარტინენკომ „ალტ-ინფოს“ ეთერში.
მისივე თქმით, მახარაძისა და მორგოშიას დასანქცირება „ალტ-ინფოს“ რესურსების „სერიოზულ შეკვეცას“ გამოიწვევს.
„კოკა მორგოშია ბიზნესით არის დაკავებული და ეს ბიზნესი ინახავდა „ალტ-ინფოს“ რაც შეიქმნა იქიდან მოყოლებული. ის შესაძლებლობები არ ჰქონდა, ბოლომდე გასწვდომოდა ამ საქმეს, მაგრამ ახლა საერთოდ, სერიოზული ფინანსური დატყმაა, სერიოზული ბარიერებია, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს მიერ ხდები დევნილი და რა ხარისხის იქნება შემდგომი გამწვავება, კაცმა არ იცის. ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ევროპის ტერიტორიაზე შესვლაც პრობლემა იყოს ზურასთვის და კოკასთვის.
არავითარ შემთხვევაში, არავინ შეხედოს ამას როგორც საქილიკო მოვლენას. ეს საერთოდ არ არის საქილიკო. ეს არის ძალიან სერიოზული, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისით, ძალიან მძიმე დარტყმა ჩვენთვის. ეკრანზე მითითებული ანგარიში ზურას სახელზეა და მაგ ანგარიშსაც, სავარაუდოდ, დიდი დღე არ უწერია, რადგან ამ სანქციებით, ყველანაირი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ზურას და კოკას მოემსახურება, თვითონ დასანქცირდება“, - აღნიშნა მარტინენკომ.
აშშ-მა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების გარდა, „ალტ-ინფოს“ ლიდერებიც დაასანქცირა. ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, კონსტანტინე მორგოშია მის მიერ დაფუძნებულ მედიაკომპანია „ალტ-ინფოს“ დეზინფორმაციის გასაძლიერებლად, სიძულვილის ენისა და მუქარის გასავრცელებლად იყენებდა, 2021 და 2023 წლის ივლისში ის მხარს უჭერდა ძალადობრივ თავდასხმებს მარგინალიზებულ პირებზე, რომლებიც მშვიდობიანად სარგებლობდნენ გამოხატვისა და შეკრების ფუნდამენტური თავისუფლებებით და ხელმძღვანელობდა მისი ასობით მიმდევარის შეჭრას არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში, ასევე, თავდასხმას ჟურნალისტებსა და პოლიციელებზე.
რაც შეეხება ზურაბ მახარაძეს, ის მოხსენიებულია მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალ მხარდამჭერად, რომელიც ონლაინ რეჟიმში პირდაპირ ახალისებდა ძალადობას, 2021 და 2023 წლებში კი სახსრებს აგროვებდა ამისთვის. ხაზინის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 2021 წლის 5 ივლისს მახარაძე ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორია მომიტინგეებისგან უნდა გაეწმინდა, შემდეგ კი თავის მიმდევრებს, მორგოშიასთან ერთად, უბრძანა არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებზე შეეტიათ.
ფინანსური სანქციების ფარგლებში იბლოკება სანქცირებული პირების ყველა ქონება და ქონებრივი ინტერესი, რომელიც მათ შეერთებულ შტატებში აქვთ ან აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაში ან კონტროლის ქვეშაა. გარდა ამისა, ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს ან ეწევიან საქმიანობას დასანქცირებულ პირებთან, შესაძლოა თავადაც დაექვემდებარონ სანქციებს.